“იმედია, კონსორციუმი შეძლებს ყველა იმ პირობის დაკმაყოფილებას, რომელიც მან საკუთარ თავზე აიღო” – მამუკა ბახტაძე

“სახელმწიფო შეასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის განვითარებისთვის, ანუ ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კითხვას, იგეგმება თუ არა ანაკლიის კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების ვადის კიდევ უფრო გახანგრძლივება.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მშენებელთან დაკავშირებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ელოდება კონსორციუმის პასუხს, ჩატარდა კონკურსიც, რომელში გამარჯვებულ კომპანიას ექნება ვალდებულება, ააშენოს პორტი იმ ვადებში, რომელიც აუცილებელია.

„ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ფინანსური საკითხების დასრულება, რათა თითოეულ ჩვენგანს და კონსორციუმს ჰქონდეს განცდა, რომ ფინანსური რესურსი მობილიზებულია პორტის მშენებლობის დაწყებისა და გაცხადებულ ვადებში დასრულებისთვის. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას გავაკეთებთ ანაკლიის კონსორციუმისადმი, რომ ეს პროექტი დასრულდეს წარმატებით. ამ პროექტის ასეთ სტატუსში ყოფნა სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. ეს აზარალებს ქვეყანას, ვინაიდან ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, მაგრამ ამავდროულად, სრული მხარდაჭერა გვაქვს გამოცხადებული ანაკლიის კონსორციუმის მიმართ და მაქვს იმედი, რომ ის შეძლებს ყველა იმ პირობის დაკმაყოფილებას, რომელიც მან საკუთარ თავზე აიღო”, – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები