იმედგაცრუებული ბავშვები, რა ხდებოდა ვაკის პარკში 1 ივნისს

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, თბილისის მერია ვაკის პარკში მისულ ბავშვებს, სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებებს ჰპირდებოდა, რომელიც სრულიად უფასო იქნებოდა. როგორც ვაკის პარკში მისული მშობლები „მედიაცენტრ მთავარს“ რუბრიკაში „მოგვწერეთ მთავარი“ წერენ, დაანონსებული ღონისძიებები არც ყოფილა და რაც დახვდათ, ყველაფერი ფასიანი.

ღონისძიება 12:00-დან 19:00 საათამდე უნდა გაგრძელებულიყო. როგორც მშობლები აცხადებენ, ვაკის პარკში კონტაქტური ზოოპარკი, საპნის ბუშტების შოუ და კულინარიული კუთხე არც დახვდათ.

„ვაკის პარკში, დაახლოებით 3 საათისთვის მივედით, თუმცა იქ მისულს, მხოლოდ თეატრი და კონცერტი დაგხვდა. მთელი ვაკის პარკი შემოვიარეთ და ვერსად ვნახეთ კონტაქტური ზოოპარკი, საპნის ბუშტების შოუ და კულინარიული კუთხე. აბსოლუტურად ყველაფერი ფასიანი იყო, გარდა კონცერტისა და თოჯინების თეატრისა. ატრაქციონებზე ბავშვი რომ დაგესვა, იმხელა ფასი ჰქონდა, ორ ბავშვს ფიზიკურად ვერ დასვამდი. მით უმეტეს, როდესაც წინასწარ ვიცოდით, რომ უფასო იქნებოდა ყველაფერი,”- წერს მშობელი “მთავარს”.

მშობლის განცხადებით, დაახლოებით 17:00 საათისთვის ყველაფერმა აშლა დაიწყო და მერიის თანამშრომლები ტერიტორიას ასუფთავებდნენ. მრავალმა მშობელმა, რომელმაც ამ დროისთვის მათი შვილები ვაკის პარკში მიიყვანა ფასიანი ატრაქციონების მეტი არაფერი დახვდათ და იმედგაცრუებულნი უკან ბრუნდებოდნენ.

შეგახსნებთ, რომ თბილისის მერიამ, ბილისის მასშტაბით, ყველა რაიონში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა გასართობი ღონისძიება დაგეგმა. ვაკის პარკში გასართობი ღონისძიებები, 12:00-დან 19:00 საათამდე იგეგმებოდა. იქ მისულ ბავშვებს, თბილისის მერია, საბავშვო სტუდიებს და ბაგა-ბაღების აღსაზრდელების კონცერტს, თოჯინების თეატრის წარმოდგენებს, ზღაპრის გმირების გასართობ აქტივობებს, კონტაქტურ ზოოპარკს, დრამერებისა და ანიმატორების შოუს, საბავშვო-გასართობ სადგურებს 20-ზე მეტ ადგილზე, საპნის ბუშტების შოუს, ზალიკოს ცენტრის კუთხეს, კულინარიულ კუთხეს, ორიგამის კუთხეს, ქიმიურ ლაბორატორიას, ილუზიონისტების შოუს, საბავშვო გამომცემლობების კუთხეს, ტიტანის რობოტების შოუს, სრულიად უფასოდ ჰპირდებოდა.

სად რა ღონისძიება იმართებოდა 1 ივნისს და რას ჰპირდებოდა თბილისის მერია ბავშვებს, ინფორმაციის მისაღებად, მიჰყევით ბმულს:
http://mcm.ge/





მსგავსი თემები