“ილია მეორე მეუფე პეტრესთვის ეპარქიის შეცვლას ჯერ კიდევ 2017-ში ითხოვდა” – მეუფე გრიგოლი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველის, ეპისკოპოს გრიგოლის ინფორმაციით, ილია მეორე მიტროპოლიტ პეტრესთვის ეპარქიის შეცვლას ჯერ კიდევ 2017 წელს ითხოვდა.

ამასთან, მეუფე გრიგოლი დარღვევად არ მიიჩნევს, რომ პეტრე ცაავას მიმართ 55-ე მუხლი გამოიყენეს.

„გავიდა სამი წელი. 2017 წელს უწმინდესმა ბრძანა, უნდა შევუცვალოთ ეპარქია მეუფე პეტრეს. იმ დროს სინოდმა სთხოვა უწმინდესს, თუ შეიძლება, რომ ახლა მივცეთ გაფრთხილება, მას შემდეგ სინოდის ხუთი სხდომა ჩატარდა და ასეთი სიტუაციაა. სულ იყო შფოთი. ეს აზიანებდა საპატრიარქოს.

ის ზაფხულში იყო ჩამოსული და ეს იყო უწმინდესის კიდევ ერთი გაფრთხილება, თუმცა მეუფე პეტრემ თქვა, მე მივდივარ ბოლომდე და მოხდა რაც მოხდა. ამ სინოდზე მეუფეებმა სთხოვეს მეუფე პეტრეს, მაგრამ ამაოდ. მეუფე იაკობიც გააფრთხილეს და თუ გააგრძელა, მასაც იგივე ბედი ეწევა“, – აცხადებს მეუფე გრიგოლი

მეუფე აცხადებს, რომ პეტრე ცაავას შიომღვიმის მონასტერში არწასვლა რაიმე დამატებითი სასჯელის მიზეზი ჯერჯერობით არ იქნება.

„თუ უნდა, იყოს იმ მონასტერში, სადაც პატრიარქმა აკურთხა, თუ უნდა იყოს სხვა მონასტრებში. ეპარქიის გადაბარების პროცესი ხვალ დაიწყება. ჩამოდიან იურისტები, ეკონომისტები. პროცესი ხანგრძლივია, რადგან მეურნეობა დიდია. მეუფე პეტრეს აქ ყოფნა მას არ უქმნის უხერხულობას, ის აქ ჩამოვიდა, როგორც მორჩილი, ემორჩილება სინოდის და პატრიარქის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი თემები