“იბერია” ახრჩობს ხელისუფლებას და მისი მოშორება გვინდა, ამას ბავშვიც არ დაიჯერებს – ნუკრი ქანთარია  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ ნუკრი ქანთარიას განცხადებით, მოსაზრებას, რომ ტელეკომპანია “იბერია” ახრჩობს ხელისუფლებას და მისი მოშორება უნდა, აბსურუდულია და ამას არავინ დაიჯერებს.

როგორც ნუკრი ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, მისთვის მიუღებელია კონკრეტული კომპანიების ბიზნესინტერესების მედიაზე მიბმა. გამოძიება დაწყებულია და ყველაფერს უნდა გაეცეს სათანადო პასუხი.

” თუ ვინმე ცდილობდა და ცდილობს ისეთი განწყობა შექმნას, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ესეც ერთგვარი კამპანიაა, მაგრამ, ჯერჯერობით რადგან ფარული ჩანაწერების სერიალი დამთავრებული არ არის, წინასწარი დასკვნებისგან თავს შევიკავებ. “ომეგა ჯგუფის” ჩანაწერები სერიალივით დაიწყო და, ალბათ, ბოლო არ ექნება. ამ ჩანაწერების ავტორებს ის შავი დღისთვის ექნებათ შეგროვებული, თუმცა, არ ვიცი რა ფუნქციით. ჩანაწერების ავთენტურობა უნდა დადგინდეს. ავტორი სავარაუდოდ თავად ზაზა ოქუაშვილია, ასე იგრძნობა. ყოვლად წარმოუდგენელია, რომ ნებისმიერმა ბიზნესმა მიიბას ტელევიზია და ამით, ის ფაქტობრივად გათავისუფლდეს გარკვეული ვალდებულებებისგან. გადასახადი გადასახადია, მას რამდენჯერმე შეღავათი გაუკეთეს და გადაუვადეს”, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელები ხელისუფლებას არხისთვის მთავარი ფინანსური წყაროს გადაკეტვაში ადანაშაულებენ. მათი აზრით, ხელისუფლების მიზანი ტელეკომპანიის დახურვაა.

ფინანსთა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ“-ის, 51 მლნ 717 ათასი ლარის საგადასახადო დავალიანება ერიცხება, რომლის ძირითადი ნაწილი თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობის შედეგად დაგროვდა. თანხის გადაუხდელობის გამო, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.

მსგავსი თემები