იაკობ გოგებაშვილის მეთოდზე დაფუძნებული ქართული საანბანე სახელმძღვანელო მომზადდება

“დედა ენის” საკითხზე მომზადებული კანონპროექტის თანაავტორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია, კოლეგებს მადლობას უხდის, იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” სკოლებში დამკვიდრების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერისთვის. 

​მისი თქმით,განათლების სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს. 

“მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არსებობენ “დედა ენის” მოწინააღმდეგეები და მოძულეები და ეს ხალხი საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ნაწილს წარმოადგენს, საქართველოს პარლამენტმა და მისმა უმრავლესობამ დღეს, უკვე მეორე მოსმენით მივიღეთ გადაწყვეტილება “დედა ენის” საკანონმდებლო მხარდაჭერისთვის, რაც იქნება წინაპირობა იმისა, რომ “დედა ენა” სკოლებში შევიდეს და დამკვიდრდეს”, – განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ.

​მისივე თქმით, საანბანე სახელმძღვანელოს მომზადების პროცესში ყველა ის სუბიექტი ჩაერთვება, ვინც ამ საკითხში კომპეტენტურია და შესაბამისი გამოცდილება აქვთ.

“პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე, რათა შედეგად მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების მონაწილეობით ნამუშევარი პროდუქტის სახით დაიდოს ნამდვილი, იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა”, რასაც ელის საზოგადოება და რაც არის დიდი და მნიშვნელოვანი ეროვნული საქმე. სამწუხაროა, რომ ჩვენს დროში და პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებიც ამ დიდ საქმეს ხელს უშლიან”, – აცხადებს ზაზა გაბუნია.  

მსგავსი თემები