“თქვენ ნამდვილად გაიმწარეთ ახალგაზრდობა, შეიტანეთ შენატანი საპენსიო ფონდში, იქნება სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილი” – კობახიძე ოპოზიციას

“საპენსიო ფონდი არის არა ჩვენს მიერ მოგონილი, არამედ ეს არის ის, რაც მოქმედებს ყველა ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყანაში. ეს არის მოდელი, რომელიც ემსახურება საქართველოში საპენსიო სისტემის ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებას”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წარდგა.

“დღეს რაც გვაქვს, ეს არ არის პენსია კლასიკური გაგებით, ეს არის ერთგვარი ასაკობრივი საარსებო შემწეობა და ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ერთხელ და სამუდამოდ პრინციპული გადაწყვეტილება, რომ საქართველოში დაგეგმოს ნამდვილი საპენსიო სისტემა და ჩაანაცვლოს არსებული არასწორი ასაკობრივი საარსებო შემწეობა. რატომ არის ეს რეფორმა სამიზნე, გასაგებია, რადგან ეს არის ფუნდამენტური და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. თუმცა, მე მოგიწოდებდით და ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ თქვენ, პირველ რიგში, უნდა გაუფრთხილდეთ ამ საპენსიო რეფორმას და საპენსიო ფონდს და მოგიწოდებთ, რომ შეიტანოთ მაქსიმალურად შენატანები. გეტყვით, რატომ – თქვენ რეალურად, გაიმწარეთ ახალგაზრდობა, ჯერ ხელისუფლებაში იყავით ცხრა წელი და თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი დაასრულეთ სრული ფიასკოთი და სრული კრახით.

რა თქმა უნდა, თქვენ ბევრ სხვას გაუმწარეთ ახალგაზრდობა და არა მარტო ახალგაზრდობა, მაგრამ თქვენც არანაკლები სიმწარე მიიღეთ, რადგანაც, როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ამთავრებ 30 პროცენტიანი სიღარიბით, მლნ 150 ათასი ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს, როდესაც ამთავრებ იმ სახელით, რომ აწამებდი პატიმრებს ციხეებში და ეს იყო თქვენი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისება, როდესაც თავი გამოიჩინეთ მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ბიზნესის რეკეტით იყავით ცხრა წლის განმავლობაში დაკავებული და როდესაც თავი გამოიჩინეთ იმით, რომ მტერს ჩააბარეთ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტს, ეს ნიშნავს რა თქმა უნდა, თქვენი ახალგაზრდობის გამწარებას.

შეიტანეთ შენატანები საპენსიო ფონდში, იქნებ, სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილი“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს.

მსგავსი თემები