“თქვენ მე საქართველოში ძეგლი უნდა დამიდგათ” – რუსეთის დუმის დეპუტატი

რუსეთის სანიტარული სამსახურის ყოფილი უფროსი, გენადი ონიშჩენკო ქართველებს მისი ძეგლის დადგმას სთხოვს, რადგან, როგორც ამბობს, ქართული მეღვინეობის კულტურის შენარჩუნება მისი დამსახურებაა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფრაქცია „ედინაია როსიას“ წევრი აღიარებს, რომ რუსეთის ემბარგო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ქართული პროდუქციის ხარისხი სანიტარული სამსახურისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

“რაც შეეხება, ახლანდელ სიტუაციას, ამჟამინდელი მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ უნდა ავკრძალოთ, მაგრამ რუსეთში მივიღეთ კანონი, რომელიც არ ეხება პროდუქციის უსაფრთხოებას, არამედ თუ ჩვენ ვხედავთ არამეგობრულ ქმედებებს სხვა ქვეყნისგან, ჩვენს მთავრობას შეუძლია ხარისხისგან დამოუკიდებლად, აკრძალოს იმპორტი,“ – განაცხადა ონიშჩენკომ.

ონიშჩენკომ საქართველოში ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატების ჩამოსვლასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციამ ბოროტი განზრახვით პროვოკაცია მოაწყო.

“თქვენ მოიწვიეთ ქრისტიანული ქვეყნების ასამბლეა საქართველოში და 3 წლის განმავლობაში ცდილობდით, რომ ეს შეხვედრა სწორედ აქ ჩატარებულიყო. თქვენმა ოპოზიციამ ბოროტი განზრახვით მოაწყო პროვოკაცია. იქ არ იყო ხალხი, იქ იყვნენ მოსყიდული მებრძოლები და ეს აქცია იყო მთლიანად პროვოცირებული. ამიტომ, ვიმედოვნებ, რუსეთი მიიღებს არა ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა რუსეთის დუმის წევრმა, გენადი ონიშჩენკომ.

მსგავსი თემები