თქვენი განცხადება მართლაც პოლიტიკური გზავნილია – ეკა ბესელია ზაზა სარალიძეს პასუხობს

​თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს ეკა ბესელია პასუხობს და მის მოთხოვნას, ეკა ბესელიამ დატოვოს პარლამენტის საგამოძიებო კომისია, პოლიტიკურ გზავნილს უწოდებს. 

„ბატონო ზაზა კიდევ ერთხელ გიცხადებთ სამძიმარს თქვენ და ყველა დაზარალებულს. ეს განცხადება, რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან! მე არც ერთ ეთერში და მათ შორის „რუსთავი 2“-ის ეთერში, სადაც თქვენც იყავით, არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება დამედანაშაულებინეთ რაიმეში! გიცხადებდით და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას. „ნაციონალურ მოძრაობას“ რასაც ვეუბნები ეს თქვენ ნამდვილად არ გეხებათ! ძალიან უცნაურია იმ კომისიაში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და „ევროპული საქართველოს“, სადაც კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელია, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას. ეს უკვე მართლაც ბევრის მთქმელია ჩემთვის”, – აცხადებს ბესელია.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი არასრულწლოვანის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს იმართება. ზაზა სარალიძე კი კომისიის წევრობიდან ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს.

მსგავსი თემები