„თუ ხელისუფლება კონგრესმენებს ინფორმაციას ვერ აწვდის, ეს მათი პრობლემაა“ – გია ჟორჟოლიანი კონგრესმენების წერილზე

„კონგრესმენების წერილის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის პასუხს უფრო გავაკრიტიკებდი, სადაც ის ამბობს, რომ სწორ ინფორმაციას არ ფლობენ თუ ასეა და კონგრესს საქართველოსთან მიმართებაში სწორი ინფორმაცია არ აქვს, ეს ამ ხელისუფლების და მათი პიარის ბრალია და არა კონგრესმენების“ – ასე აფასებს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი გია ჟორჟოლიანი კონგრესმენების წერილზე საქართველოს ხელისუფლების შეფასებებს.

როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავარი არის ნდობა, რაც დღევანდელ ხელისუფლებას დაზიანებული აქვს.

„ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ივნისში პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა დააანონსა. ეს მოთხოვნა პარლამენტში 92-მა პარლამენტარმა შეიტანა, 4 თვე გვაწვალეს და უცებ, გეუბნებიან რომ პროპორციული არჩევნები არ იქნება. ეს საკითხი, ყველა შემთხვევაში, ამ პარლამენტის არასერიოზულობას წარმოაჩენს. ეს ძალიან დიდი საფუძველია, რომ კონგრესმენებს კრიტიკული წერილი გამოეგზავნათ. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ჯერ მოქმედებს და შემდეგ ფიქრობს. ეს ვერ არის ისეთი ხელისუფლება, რომელსაც შეიძლება ენდო. დასავლეთის დამოკიდებულებაში მთავარი საკითხი სწორედ ნდობაა“, განაცხადა გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

დეპუტატის შეფასებით სწორედ ეს, პირობის შეუსრულებლობა  იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელმაც ხელისუფლება დააზიანა და რის გამოც კონგრესმა კრიტიკული წერილი გამოგზავნა.

„არის ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ვერ პასუხობს – ეს არის პირობის ღიად დატოვება და მასზე უარის თქმა. ეს ძალიან დიდი საფუძველია, რომელიც ყველა კრიტიკულ გამონათქვამებში წამყვან ადგილზეა და ხელისუფლებას პასუხი არ აქვს. შესაბამისად, ჭირს, რომ მათ დაუჯერო. რატომ უნდა ვენდო ხელისუფლებას, რომელიც თავისივე სიტყვას არ იცავს?“  – განაცხადა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ და არჩევნების 50/100 პრინციპით ჩატარებაზეც ისაუბრა.

„50-100-ზე, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის საპირწონე ვერ იქნება. ეს არის საბავშვო თამაშები. ამან ხელისუფლება ძალიან დააზიანა. 50/100 შეიძლება სჯობდეს იმას, რაც დღეს არის თუმცა, საუკეთესო ვარიანტი არ არის. რაც შეეხება შტატებიდან დემოკრატიული არჩევნების მოწოდებას, გუშინ ვკითხულობდი სტატიას დეკოლონიზაციის თაობაზე. ჩვენ თავად თუ არ მოვახდინოთ საკუთარი თავის დეკოლონიზაცია, ამას სხვები ვერ გააკეთებენ. ჩვენ ველოდებით „ის“ რას იტყვის. პირველ რიგში, საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩვენ გვინდა და არა აშშ-ს“ – აღნიშნა დეპუტატმა.   

მსგავსი თემები