„თუ საკუთარი თავი არ დავიცავი, სასამართლო კორპუსს ვერ დავიცავ“ – ლევან მურუსიძე

„თქვენ რომ არ გეხსენებინათ ჩემი სახელი, პოლიტიკურ პარტიებს სასამართლო რომ არ გაგერიათ პოლიტიკაში, მე ვიქნებოდი წყნარად და ჩუმად და არ ვაპირებდი ხმის ამოღებას, მაგრამ მაიძულეთ“ – ასე მიმართა სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეების მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მდივანმა და ამჟამინდელმა უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძემ შალვა შავგულიძეს.

მოსამართლე ყოფილ ადვოკატს და მოქმედ პოლიტიკოსს სასამართლო სისტემის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სწორედ პოლიტიკოსებმა აიძულეს მოსამართლეები თავი დასაცავად გაეხადათ.

“თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ სასამართლო ჩაება პოლიტიკაში, ეს არ არის სასამართლოს ბრალი, ეს არის პოლიტიკოსების ბრალი. არ მაინტერესებს ბატონი შალვა რომელ პოლიტიკურ პარტიებს გაუერთიანდა, ეს არის მისი საქმე, მაგრამ, რომ ჩემს სახელს რომ იყენებს და იძახის, რომ მურუსიძის გამო იძულებული გავხდი საქართველოში სამართლიანობა აღვადგინო და ერთ კონკრეტულ პარტიას გავუერთიანდი-ო, სწორედ ეს გახდა ჩემთვის პრობლემა. თქვენ რომ არ გეხსენებინათ ჩემი სახელი, პოლიტიკურ პარტიებს სასამართლო რომ არ გაერიათ პოლიტიკაში, მე ვიქნებოდი მშვიდად“ – აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

მისივე განმარტებით, არსებულ ვითარებაში, ი იძულებულია, დაიცვას როგორც საკუთარი თავი, ისე მთლიანად სასამართლო სისტემა.

„ახლა, ჩემი, როგორც ასოციაციის თავმჯდომარის და მოსამართლის ვალდებულებაა, დავიცვა სასამართლო კორპუსი. თუ არ დავიცავი საკუთარი თავი, ვერ დავიცავ სასამართლო კორპუსს. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ სასამართლო ჩაება პოლიტიკაში ეს არ არის სასამართლოს ბრალი, ეს არისა პოლიტიკოსების ბრალი”, – მიმართა ლევან მურუსიძემ შალვა შავგულიძეს.


მსგავსი თემები