„თუ მეუფე იაკობის ბრალდებები დანაშაულს შეიცავს, პროკურატურა ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება“ – ზვიად ძიძიგური

„მეუფე იაკობის განცხადებებს რაც შეეხება, არც ერთმა პერსონამ, რომელიც მან ბრალდებებში დაასახელა, მსგავსი ტიპის შეხვედრას არ დაადასტურა.  აქედან გამომდინარე, პროკურატურამაც არასერიოზულად მიიჩნია ამ თემაზე დაეწყო სამართლებრივი რეაგირება“ – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და  აღნიშნა, რომ პროკურატურას გამოძიების დაწყებას პარლამენტი ვერ დაავალდებულებს.

კითხვაზე, მეუფის მხრიდან  ხელისუფლების მიმართ გაჟღერებული ბრალდებები ტოვებს თუ არა კითხვის ნიშნებს, რის გამოც საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, ძიძიგურმა აღნიშნა, რომ ეს კონკორდატის პრინციპს არღვევს.

„საპატრიარქოსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე როგორ შეიძლება კითხვის ნიშნები არ მქონდეს. ეკლესიის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და როლის გამო  სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებობს საკონსტიტუციო შეთანხმება. ამ კონკორდანტის მიხედვით,  სახელმწიფო და ეკლესია არ ერევიან ერთმანეთის საქმეებში. როდესაც პარლამენტართა ერთი ჯგუფი ითხოვს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს იმ მიჯნის წაშლას ნიშნავს, რაც  სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებობს.  საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში სასულიერო პირები დაიბარონ როგორც სამოციქულო ეკლესიიდან, ასევე მთავრობიდან. ჩემი აზრით, ეს  სრულიად მიუღებელია. ფაქტი სახეზეა, რომ ოპოზიცია ცდილობს ორი კურდღლის დაჭერას – ეკლესიისა და  მთავრობის დისკრედიტაციას“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, პარლამენტი და მმართველი გუნდი ვერ გადაწყვეტს, პროკურატურამ გამოძიება რაზე უნდა დაიწყოს: „თუ მეუფე იაკობის ბრალდებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არსებობს, პროკურატურა ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება. პროკურატურამ განაცხადა, რომ არ თვლის საჭიროდ ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას. საქართველოს პარლამენტი და პოლიტიური მმართველი გუნდი, არ წყვეტს, რომელ საქმეზე უნდა დაიწყოს გამოძიება. ამას არეგულირებს კანონი. პროკურატურას ვერაფერს დაავალებს, ვერც პარლამენტი და ვერც პარლამენტის უმრავლესობა, ვერც მმართველი პარტია“.

მსგავსი თემები