„თუ ასეა, საპატრიარქოს მღვდელმსახურებიც გაიწვიონ ჯარში, არ დავთმობთ, ვიბრძოლებთ, ქვეყანა იმან დაიცვას, ვისაც ამისი სურვილი აქვს“ – მღვდელმთავარი

„გირჩის“ მიერ შექმნილმა რელიგიურმა ორგანიზაციამ „ბიბლიური თავისუფლება“ სამხედრო სავალდებული სამსახურისგან 30 000-მდე წვევამდელი გაათავისუფლა. როგორც „ბიბლიური თავისუფლების“ მთავარმა მღვდელმსახურმა ლევან ჯგერენაიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, თუ პარლამენტი კანონმდებლობას შეცვლის და მათ ამ საქმიანობას შეუზღუდავს, ჯარში წასვლა საპატრიარქოს მღვდელმსახურებსაც მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „მედიაცენტრ მთავარში“ ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძემ განცხადება გააკეთა. „ფსევდო რელიგიური ორგანიზაციების ძირგამომთხრელი საქმიანობა სახელმწიფოს წინააღმდეგ“ – ასე შეაფასა მან “გირჩის“ საქმიანობა, რომელმაც, ე.წ. რელიგიური საქმიანობის შეთავსებით, ათასობით ახალგაზრდას შესაძლებლობა მისცა, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავი აერიდებინათ და პარლამენტს კანონპროექტით მიმართა, რომელითაც ის მოქმედ კანონში ცვლილების შეტანას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, რელიგიური მოტივით, ახალგაზრდები სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან ვერ გათავისუფლდებიან.  

აღნიშნულ საკითხზე, „მედიაცენტრი მთავარი“ სწორედ „გირჩის“ მიერ დაფუძნებული „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმთავარს, ლევან ჯგერენაიას ესაუბრა.

მედიაცენტრი მთავარი“: რამდენმა ახლგაზრდა ისარგებლა თქვენი შეთავაზებით და რელიგიური ორგანიზაციის წევრობის მოტივით, რამდენი გაათავისუფლეთ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან?   

ლევან ჯგერენაია:  დაფუძნებიდან, ანი, 2017 წლის მარტიდან დღემდე, 30 ათასამდე ადამიანმა მოგვმართა, რომლებიც „ბიბლიურ თავისუფლებაში“ გაწევრიანდნენ. შესაბამისად, ამდენი ადამიანი ვერ წაიყვანეს იძულებით, მათ მონობაზე უარი განაცხადეს. 

მედიაცენტრი მთავარი:“ როგორია თქვენი შეფასება ზვიად ტომარაძის კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს 30- მუხლიდან სიტყვამღვდელმსახურისამოღებას

ლევან ჯგერენაია: კანონპროექტი არ მინახავს. “მღვდელმსახურს” თუ ამოიღებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ საპატრიარქოს მღვდელმსახურებიც უნდა წაიყვანონ ჯარში. ეგ ხალხი იდეაში საპატრიარქოსთან დაახლოებული ხალხია, ამიტომ, არ მჯერა, რომ საკუთარი ინიციატივით გამოვიდნენ. ეგ ადამიანები საპატრიარქოს დაკვეთით ლაპარაკობენ. არ მგონია, მთლიანად ამოიღონ სიტყვა “მღვდელმსახური”. სავარაუდოდ, ცდილობენ, რომ მარტო “ბიბლიურ თავისუფლებას” შეეხოს ეს ამბავი. ცხადია, ეს არასამართლიანი იქნება და მაგას არ გავატანინებთ. ვიბრძოლებთ ყველანაირად. 

მედიაცენტრი მთავარი:“ კანონპროექტის მომზადებისას, როგორც მისი ავტორი აცხადებს, ყველა კონფესიის წარმომადგენელს შეხვდნენ და აღმოჩნდა, რომ ძალიან იშვიათია სასულიერო პირი, რომელიც 27 წლისაა, არადა, გაწვევა სწორედ ამ ასაკში უწევთ…  თუ 27 წლის მართლაც არის სასულიერო პირი, ასეთ შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება და მას გაწვევა გადაუვადდება

ლევან ჯგერენაია: თუ დაუშვებენ, რომ იშვიათი გამონაკლისი არსებობდეს, რომ მღვდელმსახური არ წაიყვანონ ჯარში, მნიშვნელობა არ აქვს 500 ადამიანი იქნება, 10 თუ 5. თუ ამ გამონაკლისით მხოლოდ საპატრიარქო ისარგებლებს, ეს სამართლიანი მიდგომა არ იქნება. ეს იქნება დისკრიმინაციული მიდგომა. თუ საერთოდ ტოვებენ ამ ბერკეტს, გამონაკლისის სახით, რომ რომელიმე მღვდელმსახური არ წაიყვანონ, მაშინ “ბიბლიური თავისუფლებასაც” უნდა შეეხოს. თუ მთლიანად ამოიღებენ და საპატრიარქოსთან, ჩუმად, მოლაპარაკებით დატოვებენ მათ მღვდლებს, არასამართლიანი იქნება. მაგას არ დავუშვებთ. ვივლით და გავარკვევთ, ვინმე ხომ არაა 27 წლამდე და არ მიჰყავთ ჯარში. 

მედიაცენტრი მთავარი:“ 30 000-მდე ადამიანი, ვინც თვენი წყალობით სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლდა, რა ასაკის ადამიანები არიან?

ლევან ჯგერენაია: ჩვენი 30 ათასი მღვდელმსახურიდან ყველა 27 წლამდეა

მედიაცენტრი მთავარი:“ ფსევდო რელიგიური ორგანიზაციების, ძირგამომთხრელი საქმიანობა, სახელმწიფოს წინააღდეგ –  რას ფიქრობთ ამ შეფასებაზე

ლევან ჯგერენაია: აბსურდია ეგ შეფასება. ჯერ ერთი,  სავალდებულო სამხედრო სამსახურს რასაც ეძახიან, არანაირი კავშირი არ აქვს ამას თავდაცვასთან. ადამიანები მიჰყავთ ყარაულებად. რაც შეეხება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც ითხოვს, თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას და საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლას. რაც მართლა მიმართული იქნება თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაზე. დღეს გადამწყვეტი არაა ადამიანების რაოდენობა ჯარში. ტექნოლოგიები უფრო მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ამაზე უნდა ვიზრუნოთ და ის ადამიანები უნდა გვყავდეს ჯარში ვისაც მართლა მსახურება უნდა. 

მედიაცენტრი მთავარი“: თქვენ ამბობთ, რომ ამ პრობლემის მოგვარება თვითონ ჯარში უნდა დაიწყოს რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ სამხედრო სამსახურის სურვილი?  

ლევან ჯგერენაია: პრობლემა მოგვარდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადავალთ საკონტრაქტო სისტემაზე. ანუ, იძულებით არ უნდა წავიყვანოთ ადამიანი ჯარში. ესენი სრულად რომ თავდაცვაში მიდიოდნენ, ავტომატს აჭერინებდნენ ხელში, მაინც არაა სამართლიანი. თუ ადამიანს არ უნდა წასვლა, ნების საწინააღმდეგოდ არ უნდა გააკეთებინო. 

მედიაცენტრი მთავარი:“ თუ ჯარში არავინ წავიდა,  რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში, ვინ იცავს ქვეყანას თუ არ გვჭირდება დაცვა?

ლევან ჯგერენაია: ეგ არასწორია. თუ არავის არ უნდა წასვლა,  რა აზრი აქვს იძულებით წაიყვან ადამიანებს, თუ არა. მათ თუ არ აინტერესებთ ეგ სფერო და საქმიანობა, მათ იქ ყოფნას შინაარსი არ აქვს. ვიღაცას ავტომატი დააჭერინო იძულებით და უთხრა ქვეყანა დაიცავი ხო სიგიჟეა? 

მედიაცენტრი მთავარი:“ ვინ უნდა დაიცვას საზღვრები,  ქვეყანა?

ლევან ჯალაღონია: ქვეყანა უნდა დაიცვას იმ ადამიანებმა, ვისაც უნდა თავდაცვაში, ჯარში ყოფნა. რომლებიც უნდათ წავიყვანოთ კონტრაქტის საფუძველზე მათი ნებით. ამერიკაში იძულებით არ მიჰყავთ ადამიანები, მაგრამ არიან ის ადამიანები ვისაც უნდა ჯარში წასვლა და მიდიან. იმიტომ, რომ ფულს უხდიან და თან აინტერესებთ ეს საქმიანობა. ჩვენც ამისთვის, პირველ რიგში, ფული უნდა დავხარჯოთ. ადამიანების რაოდენობაზე არაა თავდაცვის უნარიანობა დამოკიდებული. იმიტომ, რომ დღეს მნიშვნელოვანია ტექნოლოგიები. 

მედიაცენტრი მთავარი:“ ვიღაცამ ხო უნდა დაიცვას თუნდაც საზღვარი?

ლევან ჯალაღონია: გეთანხმებით, უნდა დაიცვას იმ ადამიანებმა, ვისაც ამის სურვილი აქვს და მონად არ  წავიყვანთ ჯარში. თუ ეს ადამიანები მიგვყავს იძულებით, ესე იგი, მათ ადამიანებად არ ვთვლით და როგორც არაადამიანებს, მონას ისე ვექცევით ხო? იმას ვაკეთებინებთ, რისი სურვილიც მათ არ აქვთ. 

მსგავსი თემები