თუ ამ მიმართულებით წავალთ, შესაძლოა, ჯარის გარეშე დავრჩეთ – გიორგი ანდრიაძე

საქართველოს საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე თვლის, რომ სახელმწიფო შესაძლოა ჯარის გარეშე დარჩეს, თუკი ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელს უფლება ექნება, სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავი აარიდოს.

აღნიშნულის შესახებ მან, „მედიაცენტრ მთავარში“გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რაც ირაკლი სესიაშვილის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ეხებოდა.

მისივე თქმით, როცა რომელიმე რელიგიურ კონფესიას უპირატესობას მიანიჭებ, მიიღებ მეორე უკიდურესობას, – სხვა რელიგიური კონფესიის დისკრიმინაციულ მდგომარეობას.

„დეკლარირებული პოზიცია მაქვს საერთოდ, ჯართან დაკავშირებით. ვიცი, რომ ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ მსგავსი ინიციატივებით საკითხი ვერ მოგვარდება. საკითხი შეიძლება მხოლოდ პროფესიონალური არმიის შექმნის გზით მოგვარდეს. ვინაიდან, რა თქმა უნდა, თუ რომელიმე კონფესიას გამოყოფ და იმ უფლებას არ მისცემ, რომელსაც სხვას აძლევ, მას დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებ და ამ კუთხით წასვლა გვაძლევს მეორე უკიდურესობას.

სხვათაშორის, მე დავაარსე თურქეთში მცხოვრები „ფარული ქრისტიანების ორგანიზაცია“, და მათაც მიესადაგებათ ზუსტად იგივე შეღავათი, შეუძლათ არ წავიდნენ ჯარში, მაგრამ სამწუხაროდ, მასმედია ამ ორგანიზაციაზე არ ამახვილებს ხოლმე ყურადღებას.

როგორც „გირჩის“ ინიციატივით, ასევე ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯით, შეგვიძლია ყველა გავათავისუფლოთ ჯარიდან და ყველა აარიდებს თავს სამხედრო სავალდებულო სამსახურს, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო შეიძლება დარჩეს ჯარის გარეშე თუ ამ კუთხით წავალთ და არწასვლა კიდევ, რა თქმა უნდა, ნიშნავს ვიღაცების უფლებების შელახვას.

ასე რომ, ერთადერთი გზა გვაქვს, – ეს არის ნატოს სტანდარტები. ჩვენ უნდა წავიდეთ აუცილებლად პროფესიული არმიის შექმნის კუთხით“ , – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, მართლმადიდებელი მღვდლების გარდა, ყველა სხვა კონფესიის სასულიერო პირის ჯარში გაწვევას ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორის თქმით, კანონში ცვლილებები ”გირჩის” მიერ რელიგიური ორგანიზაციის ჩამოყალიბების გამო გახდა აუცილებელი. სესიაშვილის ინიციატივა სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლების პროტესტის მიზეზი გახდა.

მსგავსი თემები