თუშეთში “კუკუშკა” გამოჩნდება – ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის აშენება იგეგმება

ალვანიდან თუშეთის სოფელ ომალომდე შესაძლოა, ვიწროლიანდიანი რკინიგზა აშენდეს. პროექტი ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმით არის გათვალისწინებული, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვან სხვა კომპონენტებსაც მოიცავს, მათ შორის, მეურნეობის, კულტურის განვითარებას, სოციალურ საკითხებს და სხვა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” პროექტის ავტორმა, არქიტექტორმა გია აბულაძემ განუცხადა, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა მძიმე მდგომარეობაშია და უსაფრთხოების, საფარის, დახრილობის თუ სხვა თვალსაზრისით, ვერც ერთ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ე.წ კუკუშკას უპირატესობა ისაა, რომ ის იაფია და დიდი ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობას იძლევა.  ამ გზის მშენებლობით შეიკვრება წრე ახმეტა – ფშაველი – აბანოს უღელტეხილი – ომალო – კოკლათა – ბირკიანი – ახმეტა.

“გზის გაყვანა თვითმიზანი არ არის. საერთოდ გზა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა ეს არის საშუალება, რითაც შესაძლებელია გადაადგილება რკინიგზის გაყვანა არ არის ჩვენთვის თვითმიზანი, ეს არის ჩვენს მიერ წამოყენებული ალტერნატივა, იმის მიხედვით, რის საშუალება გვექნება, რას ჩავთვლით უფრო რენტაბელურად და სწორად, ის გაკეთდება. გზის გაყვანას ჯერ უნდა გეოლოგიური და გარემოს დაცვითი შესწავლა. მთაში რკინიგზა რომ გაიყვანო, მთაზე უნდა გააკეთო დაახლოებით 12 მეტრის სიგანის თარო, მაშინ როდესაც ე.წ კუკუშკის გაკეთების შემთხვევაში საჭიროა 3 მეტრის სიგანის შრამი. იმის თქმა, რომ მარტო “კუკუშკა” იყოს და სატრანსპორტო გზა საერთოდ არ იყოს, გამორიცხულია. საჭიროა პროფესიულ დონეზე მუშაობა”, – განუცხადა “მთავარს” არქიტექტორმა გია აბულაძემ.

მისივე თქმით, მრავალწლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ მაღალმთიან და რთული რელიეფის  რეგიონში ვიწროლიანდიანი რკინიგზის ქსელის შექმნა ეფექტიანია რეგიონის განვითარებისთვის, მისი ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად.  

“21-ე საუკუნეში გქონდეს 52 სოფელი და იქ მხოლოდ 5 თვით ცხოვრობდე… წარმოგიდგენიათ სამშობლო სეზონურად? ამიტომ არის, რომ იქ ვერც მეურნეობა ვითარდება სრულყოფილად, ვერც ტურისტული ინფრასტრუქტურა, ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. გარდა ამისა, ეს არის სასაზღვრო რეგიონი, რომლის ნებისმიერ დასახლებულ პუნქტთან მიღწევადობა უნდა იყოს სრულყოფილი, ამიტომ ჩვენ იქ ტრანსპორტის განვითარების რამდენიმე ვარიანტი წარმოვადგინეთ, პირველი და უმთავრესი ეს არის არსებული გზის მოწესრიგება-რეაბილიტაცია, რომ ის იყოს მაქსიმალურად მოსახერხებელი მგზავრობისთვის. დღეს იმ გზაზე ვინც გადის თავბედს იწყევლის, უკან დაბრუნება კიდევ უფრო უარესია. საშიში გზაა”, – აცხადებს გია აბულაძე. 

მისივე თქმით, მიწათსარგებლობის გეგმის პროექტში, ასევე, წარმოდგენილია თუშეთსა და ომალოში ვერტმფრენების პარკის განვითარების იდეა. 

“იქ, ამჟამად ძველი, საბჭოთა ვერტმფრენების ნაშთები გვაქვს, რომლებიც საწვავის კატასტროფულ რაოდენობას მოიხმარს. ასევე, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დროიდან შემორჩენილი ფრანგული ვერტმფრენი, რომელსაც წელიწადში ერთხელ ქოქავენ გასაპრანჭად. თუ ჩვენ გვინდა, რომ სოფლებში ცხოვრება აღდგეს, არ დავკარგოთ თუშური კულტურა, განვითარდეს და დეგრადაცია არ განიცადოს სოფლის მეურნეობამ და მეცხოველეობა, გვჭირდება გზა, ხოლო როგორი და რომელი, ეს ამაზე პროფესიონალებმა უნდა იმსჯელონ”, – განუცხადა “მთავარს” გია აბულაძემ.

​აღსანიშნავია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, შპს „სტუდიო 21“-მა შეადგინა. პროექტი მოიცავს თუშეთის 10 სოფლის და ქვემო და ზემო ალვანების განაშენიანების რეგულირების გეგმებს. დოკუმენტი არის სივრცესა და დროში გაწერილი ათწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა.

მსგავსი თემები