„თურქეთში 4 კი არა, 124 კარატისტი ვიყავით“ – კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი ჩინოვნიკის ანგარიშსწორებაზე

“დაკავებული არ ვყოფილვარ, უცებ, დამიბარეს, გაიმართა სასამართლო, მიშას დროს როგორც იყო და 15 000 ლარიანი გირაო შემიფარდეს. ეს ყველაფერი მას მერე დაიწყო, რაც მე გამოვხატე პოზიციები, რომ ბევრი რამ არ მომწონს და დავაფიქსირე, რომ პრეზიდენტის არჩევნებში და კამპანიაში არ ჩავერთვებოდი“ – აღნიშნული განცხადება კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც ბასილიამ აღნიშნა, იმ ბრალდებას, რასაც ედავებიან, რეალობასთან საერთო თითქმის არაფერი აქვს.

„15 000-იანი ფედერაციაა. რაც შეეხება ბრალდებას, იმდენად თითიდან გამოწოვილი თემაა, მინდა ყველას მოგმართოთ, თავად ჩაატარეთ მოკვლევა და ნახეთ, რას დაობენ, არის თუ არა ეს რეალობასთან ახლოს. თურქეთში არა 4 სპორტსმენი, არამედ, 124 კარატისტი ჩავიდა და მათ 78 მედალი ჩამოიტანეს. არადა, მედავებიან, რომ თითქოს, 4 ადამიანი ჩავიყვანე, 10 გავაფორმე და 10 000 ლარი მივითვისე. ეს არის სისულელე“ – აღნიშნა კახა ბასილიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

ბასილია ფედერაციის შექმნის ისტორიასაც იხსენებს და ამბობს, რომ ფედერაციის 10 000 ლარი მას არაფერში სჭირდებოდა მაშინ, როცა თავად 100 000-ობით ლარი აქვს საჩუქრად ფედერაციისთვის გადაცემული.

„ჯერ ერთი, როცა ფედერაცია შევქმენი, რუსეთიდან დავბრუნდი, ძალიან წარმატებული ბიზნესმენი ვიყავი და გავყიდე ბიზნესები. ფედერაციას პირველად 100 000 დოლარი ჩავურიცხე, მერე 740 000 ლარი, და ეს იყო ჩემი საკუთარი ფული. ახლა რაც ხდება, ეს არის პოლიტიკური ბრძოლა. თუ ასე არ არის, ნებისმიერ გამომძიებელს შეუძლია, ის კარატისტები დაიბაროს და გამოკითხოს, იყვნენ თუ არა თურქეთში. მინდა ვიფიქრო, რომ ეს შეცდომაა. ძალიან დაბალი დონის უნდა იყო, რომ ეს ვერ წაიკითხო და გააცნობიერო. ნებისმიერს შეგიძლიათ, ღონისძიება დაგუგლოთ და ნახოთ, რამდენი ადამიანი იყო შეჯიბრზე, შარშან 28-29 აპრილს“ – აღნიშნა კახა ბასილიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განცხადებით, მას ერთი კონკრეტული ჩინოვნიკი ებრძვის, რომელმაც არაერთხელ უთხრა, რომ ფედერაცია უნდა დაეტოვებინა.

„ახლა არ მინდა ამაზე საუბარი, ვფიქრობ, ეს ადამიანი გონს მოეგება და მიხვდება, რომ ხელისუფლებაში ყოფნა დროებითია და მას მოუწევს, პასუხი აგოს”, – განაცხადა ბასილიამ და ელოდება, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა კახა ბასილია 2 დღის უკან დააკავა და ის 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ ჩემპიონატზე მან კულტურისა და სპორტის სამინისტროში ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა, რის საფუძველზეც 10 ათას ლარზე მეტს დაეუფლა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ ჩემპიონატზე მან კულტურისა და სპორტის სამინისტროში ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა, რის საფუძველზეც 10 ათას ლარზე მეტს დაეუფლა. ბრალდება 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები