“თურნავა ქვეყნის კი არა კონკრეტული ჯგუფების ეკონომიკურ ინტერესებს ატარებს” – დავით ჭიჭინაძე

“ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ქვეყნის კი არა, კონკრეტული ჯგუფების ეკონომიკურ ინტერესებს ატარებს”, – ეს განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძის განმარტებით, ეკონომიკის მინისტრს, თავისი წარსული არ ახსოვს, არადა, ის რამდენიმე მთავრობის მსახური იყო, მერე კონკრეტული ჯგუფების მსახურად გადაპროფილდა და დღესაც არა ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, არამედ კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს წარმოადგენს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ის ძალა, რომელიც 2012 წელს მოვიდა და რომლისაც ხალხს ასეთი დიდი იმედი ჰქონდა, დღეს მის წინამორბედ მთავრობას ეჯიბრება, როგორ დაშორდეს მოსახლეობას. რადიკალური ცვლილებების ნაცვლად, ხალხი იღებს ისეთ პირველ პირებს, ვინც რიგითი ადამიანების ინტერესებზე წინ კონკრეტული პირების ინტერესებს აყენებენ.

ქალბატონ თურნავას დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჰიგიენური ნორმები და მოძველებული კაფე-ბარები არ აკმაყოფილებს. სამაგიეროდ, როგორც ჩანს, „კმაყოფილია“ იმით, რომ 2004 წელს, როდესაც ის „ნაციონალების“ მინისტრის პირველი მოადგილე იყო, სწორედ მან მისცა ქართველ ავიატორებს პირობა, რომ მათთვისვე უკანონოდ წართმეული ქონების თავიდან პრივატიზირებაში მონაწილეობის უფლებას მისცემდა, მაგრამ ისინი მოატყუა და უბრალოდ „გადააგდო“. არადა ფაქტია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურება, მსოფლიო სხვა ქალაქებთან მიმართებაში, ერთ-ერთი ყველაზე ძვირი მომსახურებაა, მაგრამ რა ზიანი ადგება დღეს ქართულ ეკონომიკას, ამაზე მინისტრი თურნავა არ საუბრობს. ისევე როგორც საინტერესოა იმ ხელშეკრულებების პუნქტები, რომელიც დადებულია საქართველოს მთავრობასა და ოპერატორ კომპანიას შორის.

მოკლედ, ძალიან საინტერესოა, რა პასუხს გასცემს ნათია თურნავა „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს იმ გადაწყვეტილებების საპასუხოდ, რომელსაც ის ქვეყნის ეკონომიკისთვის ღებულობს და რომელზე პასუხსაც თავის მხრივ ხალხი, უკვე „ქართულ ოცნებას“ მოსთხოვს“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები