თემქაზე უზარმაზარი რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე მოეწყობა

თბილისში, ზღვის უბნის მე-10 კვარტალში, N22 საბავშვო ბაღის წინ, 5 000-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზე, რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე მოეწყობა.

ნაძალადევის რაიონის გამგებლის, ირაკლი ხელაძის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიას მოსახლეობა ავტოსადგომად იყენებდა, რეაბილიტაციის შემდეგ კი იქ თანამედროვე დასასვენებელი ცენტრი გაჩნდება.

„აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად არის გადაქცეული. მოსახლეობა ითხოვდა, სარეკრეაციო ზონა აღდგენილიყო. ეს სივრცე რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაიყოფა – მოეწყობა სკვერი ახალი LED განათებებით და სარწყავი სისტემით. ასევე, გაკეთდება კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები ტრიბუნებით. მოსახლეობის მოთხოვნით და მათთან შეთანხმებით, შევინარჩუნებთ საპარკინგე ზონას, რომელიც უფრო კეთილმოწყობილი იქნება. დაახლოებით, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობამდეა აღნიშნული ტერიტორია და თემქაზე, 22-ე საბავშვო ბაღის წინ ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე იქნება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ​

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება შესაბამისი ტენდერის დასრულების შემდეგ დაიწყება. ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა ბიუჯეტიდან დაახლოებით, 217 000 ლარს გამოყოფს.

მსგავსი თემები