თეთრი ხალათი საოკუპაციო ხაზზე გადააფრინეს, ექიმის მეუღლე ოს ხალხს მიმართავს

ოკუპანტების მიერ დატყვევებული გმირი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ოს ხალხს მიმართავს და სთხოვს, ტოლერანტობისა და ვაჟკაცობის გვერდით დადგნენ.

„მინდა ვთხოვო ჩვენს გვერდით მცხოვრებ ოს ხალხს: საუკუნეებია, ჩვენ, კავკასიაში, ერთი ცის ქვეშ ვცხოვრობთ და დარწმუნებული ვარ, რომ მრავალი საუკუნე ისევ ასე გაგრძელდება. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ემყარებოდა ვაჟკაცობის და ტოლერანტობის პრინციპებს. მინდა და მჯერა, რომ ის გაუგებრობები და პრობლემები, რაც ჩვენს ურთიერთობაში გვქონდა, ისევ მოგვარებადია ამ პრინციპების, ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის გამოღვიძებით. ვაჟა, რასაც ემსახურება, ეს პირველ რიგში არის ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი დაცვა. ვინც მას იცნობს, მას მთელი ცხოვრების განმავლობაში მეტი არაფერი გაუკეთებია. იციან, როგორი დახმარება იცის მან და პაციენტებზე ზრუნვა. სრულიად წარმოუდგენელია, რომ ის თავისი ამ საქციელის გამო ზის გამოკეტილი და ჩვენ ვიცით, რა საშინელ პირობებში. ის იმყოფება თავის სამშობლოში ციხეში, თავისი ჰუმანური მისიის გამო, ეს გვანადგურებს ჩვენ, მის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ყოველი სიტყვა და ფრაზა, რომელსაც ჩვენ აქ ვამბობთ, რომლითაც მის მხარდაჭერას გამოვხატავთ, აქ თუ თბილისში, არის დასაფიქრებელი, რადგან ნებისმიერი შეიძლება მის საზიანოდ მოტრიალდეს“, – აღნიშნა  თამილა ლაფანაშვილმა ოძისში, დატყვევებული  მეუღლის სოლიდარობის აქციაზე.

მსგავსი თემები