თეა წულუკიანი: ბენსუდას ოფისთან ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ქართველების ეთნიკური წმენდა დავამტკიცოთ

„ქალბატონო სალომე, თქვენ იკადრეთ უკადრებელი და მე დამადანაშაულეთ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან ვთანამშრომლობ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ”, -ამ სიტყვებით იუსტიციის მინისტრმა თეა წულიკიანმა, პარლამენტის პლენატულ სხდომაზე, სალომე სამადაშვილის კითხვის საპასუხოდ მიმართა და ბენსუდას ოფისთან თანამშრომლობის მიზეზი განმარტა.

მისი თქმით, ბენსუდას ოფისთან თანამშრომლობენ არა იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესი დაზიანდეს, არამედ იმისთვის, რომ ქართველების ეთნიკური წმენდა დაამტკიცონ.  

„ქალბატონო სალომე, თქვენ იკადრეთ უკადრებელი და მე დამადანაშაულეთ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან ვთანამშრომლობ, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ.

მე ამაზე თავის მართლებას არ ვაპირებ. უბრალოდ, გეტყვით, გრცხვენოდეთ ყოფილ ელჩს, რომელიც ამას კადრულობს. ქართველმა ჯარისკაცებმა კარგად იციან, ვინ მუშაობს მათი ინტერესების დასაცავად. ისიც ახსოვთ, არაერთი ჯარისკაცი, სამწუხაროდ, რუსებმა რომ მოგვიკლა – როგორ მიატოვეთ და გამოიქეცით ისე, რომ ფეხებს ირტყამდით კეფაში.

ამიტომ, მოდით, ნუ იკადრებთ იმას, რაც არ შეგეფერებათ იმიტომ, რომ ჯიბეში გიდევთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ჰააგასთან თანამშრომლობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროცესში არის ჩვენი სახელმწიფო ინტერესი. ამასთან მიმართებით, მე, თქვენი ნებართვით, არ დავყოფ დარბაზს იისფრებად და წითლებად – პატრიოტებად, ლიბერალებად, კონსერვატორებად და სოციალისტებად.

ეს არის ქართული საქმე. გამოძიება მიდის, როგორც ჰააგის პროკურორი ამბობს, სწრაფი ტემპით. მე სხვა ინფორმაციას არ ვფლობ. შემოდის შუამდგომლობები, რომ ჰააგის პროკურატურის წარმომადგენლები დავაკონტაქტოთ მოწმეებს, რომელთა ვინაობის გამხელის უფლება ამ ტრიბუნიდან მე არ მაქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვთანამშრომლობთ ქალბატონი ბენსუდას ოფისთან არა იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესი დაზიანდეს, არამედ იმისთვის, რომ ქართველების ეთნიკური წმენდა დავამტკიცოთ; იმისთვის, რომ ჩვენი სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა დავამტკიცოთ.

ამისთვის არ არის საკმარისი განცხადებები. საჭიროა, სამართლებრივი დოკუმენტი არსებობდეს; ისეთი, როგორიც უკვე გვაქვს დეპორტირებულების საქმეზე და როგორიც, იმედი მაქვს, გვექნება ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სახით. ამ დოკუმენტებს მომდევნო ხელისუფლება გამოიყენებს, მომდევნო იუსტიციის მინისტრი გამოიყენებს – ვინც უნდა იყოს ის“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პლენარულ სხდომაზე.

მსგავსი თემები