თბილისში 7 ძაღლი აწამეს, 4 ვერ გადარჩა

​საფანტი, პისტოლეტი, კისტის თოფი და ცხელი წყალი – ეს ის ძირითადი იარაღებია, რომლებსაც ადამიანები ოთხფეხა მეგობრების საწამებლად იყენებენ. ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცხოველების დაღუპვის ფაქტებიც. კატების წამების შემთხვევა, მიმდინარე წელს თბილისში არ დაფიქსირებულა. რამდენიმე შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა, გამოძიების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, ​​თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა, ​თბილისში, წლის განმავლობაში შინაური ცხოველების წამების 7 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, ერთი ფაქტი მოხდა გურამიშვილის ქუჩაზე, სადაც  კისტის თოფიდან გასროლილი ტყვიით, თავის არეში დაჭრეს ცხოველი. მისი გადარჩენა შეძლეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ვეტერინარებმა. ასევე, ქვემო ფონიჭალაში ძაღლი, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, რის გამოც, ცხოველისთვის წინა მარცხენა კიდურის ამპუტაცია გახდა საჭირო. ოპერაციის მიმდინარეობისას ცხოველს გული ორჯერ გაუჩერდა, მაგრამ ვეტერინარებმა შეძლეს მისი გადარჩენა. ცხოველთა თავშესაფრის მფარველობაში იმყოფება, ასევე, ცხელი წყლით დამდუღრული ძაღლი.

ვახტანგ ლომჯარიას თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ვერ ხერხდება ნაწამები ცხოველის გადარჩენა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას შინაგანი ორგანოები აქვს დაზიანებული.

“საზოგადოება გახდა უფრო აქტიური და უფრო მეტად გამოხატავს პროტესტს ცხოველების წამების ფაქტებზე. შესაბამისად მსგავსი ფაქტების მიმართ მეტი ინფორმაცია გვაქვს. სავარაუდოდ ცხოველების წამების შემთხვევები წლების წინაც ხდებოდა. კარგია, რომ საზოგადოება რეაგირებს, თუმცა ძალიან საწყენია, რომ  ასეთი ფაქტები იშვიათობა არ არის. რამდენიმე შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. იმედია ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება. ჩვენი სამსახური სისხლის სამართლის დანაშაულებზე პირდაპირ არ რეაგირებს, ამ შემთხვევაში ვიძახებთ პატრულს”, – აცხადებს ვახტანგ ლომჯარია.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მონაცემებით, თბილისში, 43 000 მიუსაფარი ცხოველი ბინადრობს.

მსგავსი თემები