თბილისში, 45 წლის წინ აშენებულ ვახუშტის ხიდს რეაბილიტაცია პირველად უტარდება 

თბილისის დიდუბის რაიონში, ვახუშტის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ხიდის ავარიულობის ხარისხი 4 წლის წინ, ქალაქის მერიის მიერ განხორციელებული ხიდების კვლევის მიხედვით დადგინდა. ​პროექტის ფარგლებში იგეგმება, ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერებისა და რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა. ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება.

​ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 27 იანვრიდან დაიწყო.

​​სამუშაოებიდან გამომდინარე ვახუშტის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა. ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით. დროებით შეიცვალა ხიდზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები სააკაძის დაღმართიდან მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, „ლაგუნა ვერესთან“ გმირთა მოედნისკენ აუხვევენ, გაივლიან ცირკის მიმდებარე ტერიტორიას, გადაკვეთენ თამარმეფის ხიდს, რის შემდეგაც, მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ვახუშტის ხიდი 1974-1976 წელს აშენდა და მას შემდეგ, რეაბილიტაცია არ ჩატარებულა.

“2015-2016 წლებში ჩატარდა მთელი ქალაქის მასშტაბით არსებული ხიდების კვლევა, მათი მდგომარეობის შესწავლის მიზნით. ავარიულობის მიხედვით განისაზღვრა პრიორიტეტები, თუ რომელი ხიდი უნდა გაკეთდეს პირველ რიგში. ეს ხიდი იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ აუცილებლად და სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას. მთლიანად შეიცვლება საყრდენები, ასევე, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, განათების ბოძები და მოაჯირები. სამუშაოები, დაახლოებით, ხუთ თვეში დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კავკასუსროუდპროჯექტი“ ახორციელებს. პროექტის განხორციელებაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 394 434 ლარი დაიხარჯება. 

ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას, მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.

მსგავსი თემები