თბილისში ფესტივალი „მდინარის მაგიური ბაღი“ გაიხსნა

15 აგვისტოს ჩათვლით, მტკვრისა და მდინარე ვერეს შესართავთან არსებული ჭალის ტერიტორიაზე ფესტივალი „მდინარის მაგიური ბაღი“ გაიმართება. მტკვრის ჭალა ერთი მხრივ უმასპინძლებს საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებს, ხოლო მეორე მხრივ წარმოჩნდება როგორც პოტენციური საზოგადოებრივი სივრცე. ფესტივალის განმავლობაში, იქაურობა ვორქშოფების, თანამედროვე მუსიკის, წიგნის პრეზენტაციებისა და ინსტალაციების ადგილად იქცევა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ამავე სახელწოდების გამოფენა, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი და საერთაშორისო არტისტები მიიღებენ მონაწილეობას. მათი ნამუშევრები უპასუხებენ გამოწვევებს, რომლებიც შეეხება საზოგადოებრივ, გარემოს დაცვისა და ურბანული განვითარების საკითხებს. ფესტივალის ცენტრალური ადგილი იქნება „ცოდნის სივრცე“, რომელშიც ვორქშოფები, სემინარები, პრეზენტაციები და ყოველდღიური აუდიო პერფორმანსები გაიმართება.

ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სპეციალურად კონსტრუირებული, ბაღთან დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც ნაპირზე ჩასასვლელს წარმოადგენს. გარდა ამისა, გამოყენებული იქნება სპეციალური აუდიოგახმოვანება.

დამთვალიერებელს სივრცეში სტუმრობა შეეძლება ყოველდღე, 13:00 საათიდან. ოფიციალური პროგრამა კი დაიწყება 18:00 საათიდან და გაგრძელდება 23:00 საათამდე.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

მსგავსი თემები