თბილისში, საცობების განტვირთვის მიზნით, ნაკადების მართვის ჭკვიანი სისტემა დაინერგება

საცობების განტვირთვის მიზნით, დედაქალაქში მალე ავტომობილების ნაკადების მართვის ე.წ. ჭკვიანი სისტემა დაინერგება  პროექტის ფარგლებში, შუქნიშნებზე დამონტაჟდება დეტექტორები, ელექტრონული პროგრამა ავტომატურ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას, დროის კონკრეტულ მონაკვეთში ნაკადების მოცულობასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მოხდება ნაკადების ოპტიმალური მართვა.

”დღეს პატრულ-ისპექტორები ცალკეულ ადგილებზე არიან განლაგებულები და ფიზიკურად ხდება ნაკადების მართვა, ამას დაემატება ჭკვიანი სისტემიდან წამოსული კონკრეტული სცენარები და ერთობლივად, თბილისის მერია და საპატრულო პოლიციის კონკრეტული ეკიპაჟები, განვახორციელებთ ნაკადების ოპტიმალურად მართვას. ეს არის ნაკადების მართვის ჭკვიანი სისრტემა, რომელიც გამოყენებულია ყველა განვითარებულ ქალაქში“,- განაცხადა ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერმის თქმით, ნაკადების მართვის ავტომატიზირებული სისტემის მიზანი ნაკადების ისე გადანაწილებაა, რომ  ქალაქში ნაკლები საცობი მივიღოთ.

„კონკრეტული დეტექტორების მონტაჟი მოხდება შუქნიშნებზე, რომელიც დაითვლის ნაკადებს, დროის კონკრეტულ მონაკვეთში. როდესაც ერთ დღეს მოხდება დათვლა, დროის იგივე მონაკვეთში მეორე დღისთვის სისტემა მოგვცემს უკეთეს სცენარს. შეიძლება გიკარნახოს, რომ შეიცვალოს შუქნიშნის რეჟიმი  ან გატარება-შეზღუდვის დრო,  შეიძლება მოდელმა  მიმართულების მხრივ უფრო ოპტიმალურიო სცენარი წარმოადგინოს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები, სისტემა ქალაქში ეტაპობრივად, რამდენიმე თვის განმავლობაში დაინერგება.

მსგავსი თემები