რკინეულობისა და ქვის მასალის ღია სივრცეში დამუშავების წესები გამკაცრდება

თბილისის დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ქალაქში, რკინისა და ქვის ღია სივრცეში დამუშავება უნდა აიკრძალოს, ეს პრობლემა დედაქალაქში, უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში მწვავედ დგას. განსაკუთრებით კი ე.წ ელიავას ბაზრობის მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს აწუხებთ.  

„ეს არის ძალიან სერიოზული, 20-30 წლის პრობლემა. ცოტა ადრე, აგლაძის ქუჩაზე არსებულ ტროტუარზე ფეხით გავლა ფიზიკურად შეუძლებელი იყო. პირდაპირ საფეხმავლო ზოლზე ყიდდნენ ცემენტს, საბურავებს თუ ავტომობილის ზეთს. პრობლემა ამჟამად ნაწილობრივ მოგვარებულია. მუნიციპალურ ინსპექციასთან ერთად მუშაობით ტროტუარები მთლიანად გათავისუფლდა. დღეისთვის იქ მოსახლეობა ფეხით ჩვეულებრივ გადაადგილდება, მაგრამ ავტომატურად გაჩნდა იმის მოთხოვნილება, რომ ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, გარეთ, ღია სივრცეში რკინის და ქვის ჭრა შეიზღუდოს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები უკვე ხორციელდება და ძალიან მალე ეს პრობლემაც მოგვარდება“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
 
ამტვერებადი მასალის დამუშავების რეგულირების მიზნით თბილისის მერიას პარლამენტში უკვე გადაგზავნილი აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიზანი ქალაქში ჰაერის დაბინძურების შემცირებაა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, აგლაძის ქუჩაზე საშენი მასალების ღია სივრცეში დამუშავების აკრძალვასთან დაკავშირებით, მოქალაქე ეკა მაისურაძის კითხვას უპასუხა.  

კახა კალაძის თქმით, პრობლემის მოგვარება აგლაძის ქუჩაზე მერიამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც იქ არსებული ტროტუარები, მუნიციპალური ინსპექციის უშუალო ძალისხმევით, საშენი და სხვა ამტვერებადი მასალისგან გათავისუფლდა.

მისივე თქმით, აგლაძის ქუჩა ერთ-ერთი პრობლემურია. შარშან, მოხერხდა ქუჩის ტროტუარების ამტვერებადი მასალით გარევაჭრობისგან გათავისუფლება, სადაც ფეხით გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.

“საშენი მასალები პირდაპირ ტროტუარებზე იყო გამოტანილი და იყო სრული კატასტროფა.  ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ  ამ პრობლემის მოგვარება და ამგვარად ვაგრძელებთ დღესაც.  პრობლემა კომპლექსურია და ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. ჩვენ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ  ამტვერებადი საშენი მასალების დასაწყობებისა და  რეალიზაციის რეგულირებას  ემსახურება. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მხრიდან დიდია მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ,  კომპლექსური ღონისძიებებით  დარჩენილ პრობლემებსაც მოვაგვარებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები