თბილისში, ილუზიების მუზეუმი გაიხსნება

თბილისის, ისტორიულ და ტურისტულ ნაწილში, კერძოდ, ბეთლემის ქუჩის N10-ში, 9 მარტს, ილუზიების მუზეუმი გაიხსნება. სივრცე ოპტიკურ და ფაზლების ოთახებს გააერთიანებს, სადაც დამთვალიერებელს ოპტიკურ და სხვა ტიპის ილუზიურ თამაშებში ჩართვა შეეძლება. მუზეუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, წარმოდგენილი ინსტალაციების საშუალებით ინფორმაცია მიიღონ ადამიანის ხედვის, აღქმისა და მეცნიერების შესახებ და გაარკვიონ, რატომ ხედავენ მათი თვალები იმას, რასაც გონება ვერ აღიქვამს.

მუზეუმის კოლექცია 70-ზე მეტი ექსპონატისგან შედგება, რომლებიც დაფუძნებულია მეცნიერების, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის ცოდნაზე.

“ეს მუზეუმი არის, სრულიად განსხვავებული ტიპის, რაც აქამდე გვქონია საქართველოში. მუზეუმში ძირითადად არის შემეცნებითი ექსპონატები, რადგან ილუზია ყველა ადამიანში არის იმის დასტური, რომ ხანდახან რეალობა არის სხვანაირი და ჩვენი თვალები ამას აღიქვამს სხვანაირად. ასევე, არის გასართობი ტიპის მუზეუმი. ეს ყველაფერი არის ძალიან სახალისო,” – აცხადებს მუზეუმის დირექტორი ლევან გელაშვილი.

ილუზიების მუზეუმის ისტორია, 2015 წლიდან, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იწყება. შემდეგი იყო ზადარის მუზეუმი, ასევე, ლუბლიანა, ვენა, მუსკატი, ბელგრადი, კუალა–ლუმპური, ნიუ იორკი, ტორონტო, ბერლინი, ათენი, დუბაი, ჰამბურგი, კანზასი და ახლა უკვე თბილისიც.

მუზეუმი ვიზიტორებს 10-დან 23 საათამდე მიიღებს.

ჟურნალისტი მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები