თბილისურ ეზოში ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა დაიწყეს

თბილისის ჩუღურეთის რაიონში, თოიძის ქუჩის N10-ში მდებარე ერთ-ერთ თბილისურ ეზოში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე ხანძარი 29 ივლისს გაჩნდა და ეზოში მცხოვრები ექვსი ოჯახი დაზარალდა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, გადაუდებელი ღონისძიების ფარგლებში, რეაბილიტაცია 950 კვადრატული მეტრი ფართობს ჩაუტარდება.  პირველ ეტაპზე, დამწვარი კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა. ამ დროისთვის კი, ხანძრისგან დაზიანებული კედლების აღდგენა მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, იატაკების, სართულშუა გადახურვის, სახურავისა და კარ-ფანჯრების მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს „პასაჟი-საქართველო“ ასრულებს. პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 138,796 ლარი გამოიყოფა.

მსგავსი თემები