თბილისსა და ქვეყანაზე პირველი შთაბეჭდილება ტურისტებს ამ გზის გავლით ექმნებათ – კახა კალაძე

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილის ცენტრალური სავალი ნაწილის ორივე მიმართულების კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რომელიც აეროპორტისკენ მიმავალი ცენტრალური გზის სრულად მოწესრიგებას ითვალისწინებს.   

მიმდინარე სამუშაოებს დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის შეფასებით, კახეთის გზატკეცილი მძიმე მდგომარეობაში იყო. ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს საქართველოზე წარმოდგენა პირველად ამ გზის მიხედვით ექმნებათ. 

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც ღირებულებით, ასევე, იმ თვალსაზრისით, რომ ქალაქის შემოსასვლელია. საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ქალაქზე და ქვეყანაზე შთაბეჭდილება პირველად ამ გზით ექმნებათ. შესაბამისად, ის მაქსიმალურად მოწესრიგებული, განახლებული და თანამედროვე იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

მისივე ინფორმაციით, გზატკეცილის ორივე მიმართულებით გზის საერთო სიგრძე, რომელიც შეიცვლება და მოწესრიგდება, დაახლოებით, 23 კილომეტრს შეადგენს. სამუშაოებს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეო გრუპი“ ასრულებს. პროექტის ფარგლებში, გამწვანდება და მოწესრიგდება გამყოფი ზოლები, განათების ბოძები კი სანათებიანად შეიცვლება. შეზღუდვის დროს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, სათადარიგო ზოლებით ისარგებლონ, რომელთა რეაბილიტაცია შარშან დასრულდა.

სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა 360 ჭა, ბორდიური და ტროტუარი. გზის სავალ ნაწილზე, ჯამში, 280 000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარის სამი ფენა დაიგება. რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, გარე განათების ქსელი სრულად გამოიცვლება და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED სანათები დამონტაჟდება. პროექტი ასევე, ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს.

სამუშაოების პერიოდში ცენტრალური სავალი ნაწილი სრულად შეიზღუდება და ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო ზოლებით შეძლებენ. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 42 937 537 ლარი დაიხარჯება.

შარშან, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილის მარჯვება და მარცხენა სათადარიგო ზოლებისა და ტროტუარების სრული რეაბილიტაცია განახორციელა. გზატკეცილზე მოეწყო ბეტონის თვალამრიდები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზატკეცილზე არსებულ ავარიულ ხიდს.

კახეთის გზატკეცილზე თბილისის მერთან ერთად, ისნისა და სამგორის რაიონების გამგებლები კახა ლაბუჩიძე და კახა გულედანი, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი დოხტურიშვილი და შოთა ხაბარელი იმყოფებოდნენ.


მსგავსი თემები

One Thought to “თბილისსა და ქვეყანაზე პირველი შთაბეჭდილება ტურისტებს ამ გზის გავლით ექმნებათ – კახა კალაძე”

  1. თინათინ ბაბუნაშვილი

    ძალიან კარგი ტურისტებზე ფიქრი, მაგრამ უკეთესი იქნება თუ თბილისელებსაც მოგვხედავთ. ძალიან გთხოვთ მიხედოთ ზანდუკელის ქ.N 22/მაყაშვილის ქ.N1-ში მიმდინარე მშენებლობას. 8 თვის წინ, ზანდუკელის ქ. 24ა-ში მშენებლებმა სხვენი დამილეწეს არასათანადო გვერდით მდგომი შენობის დემონტაჟის დროს, ხოლო მე-2 მომიჯნავე შენობის ,მაყაშვილისქ.N3-ში კედელი ისე ჩამოინგრა, რომ მთელი ოჯახი სიკვდილს ძლივს გადაურჩა. დემონტაჟის დროს 10-ჯერ მაინც გამოვიძახეთ ზედამხედველობის სამსახური, ასე გვპასუხობდნენ თუ რამე დაზიანდებოდა მერე დააჯარიმებდნენ ინვესტორს. უამრავი წერილი და ხვეწნა-მუდარა არქიტექტურის სამსახურს და მერიას, რომ ახალი მრავალბინიანი სახლის მშენებლობა დააზიანებდა გვერდით მდგომ შენობებს და ჩვენი კედლები დაზიანდებოდა ყურად არავინ იღო. მიუხედავად უამრავი მიმართვისა მერიის სამსახურებს, შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან, არქიტექტურის სამსახურმა მაინც დაამტკიცა უმახინჯესი მრავალბინიანი შენობის ახალი პროექტი (2 სართული პარკინგი, 5 სართული და ზევით 2 სართულიანი კონტეინერის შენობა).
    გვაქვს სამხარაულის დასკვნა, რომ ჩვენი მომიჯნავე შენობის დემონტაჟი უნდა განეხორციელებინათ სათანადო უსაფრთხო მეთოდებით, სათანადო მანქანა-მექანიზმების შერჩევით. რასაკვირველია ასე არ მოხდა. ხოლო მშენებლობის დაწყების წინ ვკითხულობთ სამხარაულის დასკვნში:
    1.აღნიშნულ ტერიტორიაზე დასახლების მაღალი სიმჭიდროვის გამო, შესაძლოა ახალმა მშენებლობამ გარკვეული ზეგავლენა იქონიოს, მშენებლობის ტერიტორიის სიახლოვეს არსებულ შენობებზე. ზანდუკელის ქ.N22-ში მოსალოდნელი მშენებლობა თუ რა ზეგავლენას მოახდენს ზანდუკელის ქ.N24ა-ში არსებულ შენობაზე, ამ საკითხზე სრულფასოვანი პასუხის გასაცემად საჭიროა წარმოდგენილ იქნეს შემდეგი საპროექტო დოკუმენტაცია: 1. საინჟინრო გეოლოგიური კვლევა
    2. მშენებარე შენობის კონსტრუქციული ანგარიშის ელექტრონული ვერსია
    3. შენობათა ურთიერთზეგავლენის ანგარიში.
    ძველი ინვესტორი, რომელიც ამჟამად გაკოტრებულია საერთოდ არ ითვალისწინებდა არაფერს. მათ დემონტაჟის დროს დააზიანეს ჩემი სხვენი და უმძიმეს მდგომარეობაში დატოვეს საძირკველი. მაგრამ მას გააჩნია ის სახსრები, რომ ჩემი სხვენი ამოაშენოს და საძირკველი გაამაგროს.
    ჩვენ, ზანდუკელის ქ.N22 მომიჯნავე სახლების მცხოვრებნი (ზანდუკელის ქ. N24ა, კერესელიძის ქ.N2 და მაყაშვილის ქ.N3) მოვითხოვთ, შეწყდეს ზანდუკელის ქ.N22/მაყაშვილის ქ.N1 მშენებლობა, ვინაიდან ახალი მშენებლობა მთლიანად დაანგრევს ჩვენს სახლებს და ვერც ჩვენი 100 წელზე მეტი ხნის სახლების კედლები გამაგრებას ვერ გადაიტას, ვინაიდან სახლებს არ გააჩნიათ საძირკველი და სარტყელი. ეს შენობები ერთმანეთზეა მიშენებული და ერთმანეთს ამაგრებენ.