“თბილისსა და პარიზში ქართული სიტყვები განთავსდეს” – მრავალწლიანი ბრძოლა იდეისთვის

მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური „კლუბ LLL“-ის პრეზიდენტი ბესიკ ადამია, უკვე წლებია თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე სიტყვების – მამული, ენა, სარწმუნოება, თავისუფლების განთავსებას მოითხოვს. პარალელურად კი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ეიფელის კოშკის წინ, მშვიდობის კედელზე, მსოფლიოს 49 ენის გვერდით სიტყვა “მშვიდობის” ქართულ ენაზე განთავსებას ითხოვს. აღნიშნულ კედელზე კავკასიური ენებიდან წარწერა, მხოლოდ სომხურ ენაზეა განთავსებული.

როგორც ბესიკ ადამიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, მონუმენტს 2004-2016 წლებში საპროტესტო აქციებით 5-ჯერ ესტუმრა, თუმცა უშედეგოდ, მისმა მოთხოვნამ სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა ვერ მიიღო.

დარწმუნებულია, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მისი იდეა, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის ყურამდე არ მისულა, რადგან ის აუცილებლად დაუჭერდა მხარს ორივე ამ იდეის განხორციელებას. 

თბილისში, თავისუფლების მოედანზე ქართული წარწერის განთავსების იდეა, ბესიკ ადამიამ, დედაქალაქის მერიაში ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის დროს შეიტანა და მისგან მხარდაჭერის პირობა მიიღო. პირად საუბრებში იდეა თბილისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმაც მოიწონა და დახმარებას დაჰპირდა, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. პროექტი თბილისის ამჟამინდელი მერის, კახა კალაძის სახელზეც დაწერა და უარი მიიღო. 

​მისივე თქმით, თბილისის მერიამ, ამ საკითხთან დაკავშირებით, არც საპატრიარქოს პოზიცია გაითვალისწინა.  

ბესიკ ადამიასთვის გაუგებარია, მაშინ, როდესაც ნათქვამია, – მსოფლიო ცივილიზაციის გასაღები ქართულ ანბანშიაო, – საქართველოში რატომ უჭირთ საკუთარი ანბანის პატივისცემა.

“სამწუხაროდ, მტრულად განწყობილ მსოფლიო ძალებს არ უნდათ, რომ საქართველოს გულში, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ქართული ანბანით ქართული სიტყვა წარმოჩნდეს, რაზეც 2015 წლიდან ვიბრძვი. თემა 4-ჯერ გავიდა თბილისის მერიის კომისიაზე. ქართველი კაცი “ქართულ ოცნებას” ვეხვეწები სამშობლოს გულში ქართული სიტყვის წარმოჩენას. არანაკლებ გამაოგნებელია დღევანდელი თბილისის მერიის მიერ პატრიარქთან ჩემი შეხვედრის საფუძველზე, საპატრიარქოს მიერ ჩემი მხარდამჭერი წერილის ბლოკირება თბილისის მერიაში, წერილი N270, 26 თებერვალი 2018 წელი. არადა, რამდენი თბილი ადამიანია ამ ხელისუფლებაშიც და კულუარულად მეუბნებიან, რომ თავადაც გაოგნებულები არიან, მაგრამ ღია მხარდაჭერის შემთხვევაში, დაკარგავენ სამსახურს! ანტიეროვნული ძალები კი მიმანიშნებენ, შევეშვა იმ თემებს, რის გამოც პრობლემები შემექმნება. არ ვიცი, ჯანმრთელობა სანამდე გამიძლებს, იმედია ოდესმე ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვა ძალა, რომელიც ქვეყანას ფეხებზე დააყენებს და სამშობლოს გულში ქართულ სიტყვას არ დაინანებს, ასევე იზრუნებს იქ პარიზში ეიფელის წინ მშვიდობის კედელზეც ქართული სიტყვის განთავსებაზე”, – აცხადებს ბესიკ ადამია.

აღსანიშნავია, რომ ბესიკ ადამიას იდეა უკვე განხორციელდა ქალაქ ქუთაისში, სადაც მშვიდობის ბურთის მონუმენტი დადგეს.

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები