თბილისში მიმდინარე საგზაო სამუშაოების პირველი ეტაპი 15 სექტემბრისთვის დასრულდება

თბილისში, ზაფხულის განმავლობაში დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების პირველი ეტაპი 15 სექტემბრისთვის დასრულდება და სექტემბრისთვის ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული არ იქნება. მათ შორის, დასრულებულია მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე საერთი მიმართულება უკვე დასრულებულია და მეორე მიმართულების მოასფალტება უახლოეს მომავალში დაიწყება. სამუშაოების მეორე ეტაპზე მოწესრიგდება ბორდიურები და ტროტუარები, გარე განათება და სხვა.

მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს ბარათაშვილის აღმართზე, სადაც მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. ტროტუარებზე ქვაფენილი მოეწყობა. მოწესრიდგება გარე განათება, ძველი ბოძები შეიცვლება და ახალი სანათები დამონტაჟდება. ადგილზე უკვე მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. ასევე, მოწესრიგდა კლდიდან ასავლელი კიბე, რომლითაც ადგილობრივი მცხოვრებლები და ტურისტები აქტიურად სარგებლობენ.

“ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ ამ კიბით და პრეზიდენტის რეზიდენციასთან საფეხმავლო ბილიკით ავიდნენ. მგონია, რომ ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება თავისი გადმოსახედებით“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებს გასაცნობად გამართული მედიატურის დროს.

თბილისის მერმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და მათ ყველა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მისივე თქმით, ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს, გამწვანების მიმართულებაც გათვალისწინებულია. გამწვანდება ქალაქში არსებული გზაგამტარები, ესტაკადების ქვედა ნაწილი, რომლებიც მანამდე დაბეტონებული იყო და შეიქმნება მწვანე სივრცეები.

დედაქალაქის მერი მედიის წარმომადგენლებთან ერთად, საბურთალოს რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირზე, ჟიული შარტავას ქუჩასა და მერაბ კოსტავას ქუჩაზეც იმყოფებოდა, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მისივე თქმით, შარტავასა და კოსტავას ქუჩების პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან მოეწყობა ველობილიკი, რომელიც პეკინის ქუჩას დაუკავშირდება და ერთი დიდი წრე შეიკვრება.

კახა კალაძემ მიმდინარე საგზაო სამუშაოებისგან გამოწვეული ხმაურის გამო, მოსახლეობას ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა.

„ყველა ამ პროექტზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობა გვიწევს, მათ შორის, შარტავა-კოსტავას ქუჩებზე, რომლებიც საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ადგილია. ხმაურის გამო, მოსახლეობას მოთმინებისკენ მოვუწოდებ. მესმის, რომ რთულია, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენთვის და ჩვენი ქალაქისთვის არის. რაც მთავარია ყველაფერი ხარისხიანად კეთდება, რომ სამომავლოდ პრობლემა არ შეიქმნას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების გასაცნობ მედიატურზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძეც იმყოფებოდნენ.

 

მსგავსი თემები