თბილისი-ლარსის მიმართულებით გადაადგილების დროს ახალი გვირაბი ერთი საათით შეამცირებს

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის, ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე 9 კილომეტრის სიგრძის გვირაბის მშენებლობა იგეგმება, რომლის საშუალებითაც თბილისი-ლარსის მიმართულებით გადაადგილების დრო ერთი საათით შემცირდება. გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, კერძოდ, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება.

​როგორც მედიეცენტრ “მთავარს” საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ჯვრის უღელტეხილზე, ზამთარში ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, ფერხდება სატრანზიტო მიმოსვლა. ქვეშეთი-კობის მონაკვეთი კი, სატრანზიტო მნიშვნელობის  ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის ნაწილია, რომელიც რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე გადის.

მათივე თქმით, გვირაბის გაყვანით სრულად მოგვარდება აღნიშნული პრობლემა და უსაფრთხო მგზავრობა იქნება შესაძლებელი.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 ლოტად.​ ​​გვირაბის მშენებლობაზე ტენდერი 11 ივლისს გამოცხადდა, რომელიც 10 კმ-იან გზას და 9 კმ-იან გვირაბს მოიცავს. წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 29 აგვისტოა. გზის მეორე მონაკვეთზე კი ტენდერი მიმდინარე წლის პირველ ივნისს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 18 ივლისს დასრულდება.

სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს და 2022 წელს დასრულდეს.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.

თბილისი-ლარსის მიმართულებით, ქვეშეთი-კობის 20-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთისა და 5-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჯერ კიდევ 2016 წელს ავრცელებდა ინფორმაციას. 5 კილომეტრის სიგრძის გვირაბი სავარაუდოდ სოფელ მლეთადან სოფელ კობამდე უნდა გაეყვანათ. თუმცა, იქვე აცხადებდნენ, რომ დაზუსტებული ინფორმაცია დეტალური პროექტირების დასრულების შემდეგ გახდებოდა ცნობილი. იმ დროისათვის, ქვეშეთი-კობის მონაკვეთის დეტალური პროექტირების მოსამზადებლად მიმდინარეობდა სატენდერო პროცედურები ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 250 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი (WB) აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოების დაფინანსებასთან დაკავშირებით კი მოლაპარაკებები სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან მიმდინარეობდა.

მსგავსი თემები