71 წლის განმავლობაში გადაღებული, თბილისის 35-მდე ფოტო ერთ სივრცეში

ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფის, მარტინ პარის წიგნის – „Martin Parr Tbilisi“ პრეზენტაცია დღეს, 15 თებერვალს, “თიბისი გალერეაში” შედგება. პარალელურად გაიხსნება გამოფენა – „თბილისი მაგნუმის” წიგნებში. ექსპოზიცია 71 წლის განმავლობაში, “მაგნუმის” წევრი ფოტოგრაფების მიერ თბილისში გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს. მათ შორის არიან: რობერტ კაპა, ანრი კარტიე ბრენსონი, კარლ დე კეიზერი, გიორგი პინხასოვი, იონას ბენდიკსენი, პაოლო პელეგრინი, თომას დვორჟაკი და მარტინ პარი.

ექსპოზიცია იწყება ფოტოებით, რომლებიც რობერტ კაპამ, 1947 წელს, ჯონ სტეინბეკთან ერთად თბილისში მოგზაურობისას გადაიღო. სწორედ მაშინ დაარსდა სააგენტო Magnum Photos. გამოფენას მარტინ პარის მიერ 2018 წელს შექმნილი ნამუშევრები ასრულებს.

გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება ვიდეორგოლების სახით პარიზში, „მაგნუმის“ ოფისში წიგნის მზადების პროცესი და თბილისში ვიზიტის დროს მარტინ პართან ჩაწერილ ინტერვიუ.  

1980-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფოტოგრაფი და პრესტიჟული სააგენტო „მაგნუმის“ წევრი მარტინ პარი საქართველოს, თბილისის მერიის მიწვევით, 2018 წლის ივნისში მესამედ ესტუმრა. წიგნი ფოტოგრაფის თბილისში გადაღებული ფოტოების მიხედვით შეიქმნა და ერთ-ერთ ცნობილ გერმანულ გამომცემლობა Prestel Publishing -თან თანამშრომლობით,  მიუნჰენში გამოიცა. წიგნში, ასევე, შევიდა 2009 წელს, თბილისში პარის მიერ გადაღებული რამდენიმე ფოტო. წიგნის ტექსტი აკა მორჩილაძეს ეკუთვნის.

მარტინ პარმა ინოვაციური სახეებისა და სოციალური ფოტოგრაფიის მიმართ განსხვავებული მიდგომის, ასევე, დიდ ბრიტანეთში და მის საზღვრებს გარეთ ფოტოგრაფიის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ნამუშევრებში დაკვირვების სიზუსტისა და განსხვავებული ფერების გამო, პარი 1980-იანი წლებიდან ყველაზე წარმატებული ფოტოგრაფების სიაში მოხვდა და სააგენტო Magnum Photos -ს ერთ-ერთი მთავარი წევრი გახდა.

საქართველოში ჩამოსვლამდე წიგნისა და გამოფენის პრეზენტაცია ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში, საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის მთავარ სცენაზე შედგა.

პროექტი თბილისის მერიის მიერ, თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის დირექტორი, საქართველოში Magnum-ის წარმომადგენელი ეკა ენუქიძეა.

თიბისი გალერეაში გამოფენა 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტი თბილისის მერიისა და თიბისი ბანკის თანამშრომლობით შედგა. პროექტის პარტნიორები არიან: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.

მსგავსი თემები