თბილისი არის ურთიერთობა – სახლი ფურცელაძის ქუჩის N15–ში

ამ ქუჩაზე  ყოველ დღე კი არა, დღეში რამდენჯერმე  ავდი – ჩავდივარ და  მხოლოდ რეჟისორ გიორგი ვარსიმაშვილის ფოტომ აღმომაჩენინა ერთი ლამაზი სახლი და კიდევ უფრო საინტერესო ადამიანები. ვინ თქვა, თბილისი იყო ურთიერთობაო?! თბილისი არის ურთიერთობა, გულისხმიერება და გვერდში დგომა.

სახლს და ქუჩას დავუბრუნდეთ…  ქუჩა ანტონ ფურცელაძის სახელობისაა 1922 წლიდან და იმ იშვიათი ქუჩების ჩამონათვალს განეკუთვნება, დროსა და ჟამის შესაფერად, თითქმის საუკუნეა სახელი რომ არ შეცვლია, მანამდე კი კალოუბნისად მოიხსენიებდნენ, 1841 წლის თბილისის გეგმაზე ბარონის სახელით არის დატანილი, ბარონ როზენის საპატივცემოდ.

ანტონ ფურცელაძე, ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი გახლდათ, რომელმაც „მამათა და შვილთა „ ბრძოლისას შვილების მხარე დაიჭირა, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ “ცისკართან“, გაზეთ „დროებასთან“ და რომელსაც ეკუთვნის რომანები „მაცი ხვიტია „ და „დიდი მოურავი“ .

სწორედ  ანტონ ფურცელაძის ქუჩაზე  გამოდის ეროვნული  მუზეუმის ადმინისტრაციული შენობა და  ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე და მეორე კორპუსების ერთი მხარე  და ჯერ კიდევ შემორჩენილია  წინა საუკუნეების შენობები, მათ შორის  „სამზითვო“ სახლი.

ეროვნული არქივიდან მოწოდებული ცნობის საფუძველზე სახლის მფლობელები მიხეილ და ეფემია ნიკოგოსოვები ყოფილან, 1896  წელს კი სახლი გადაუკეთებიათ. თუმცა ამ სახლს დღემდე  “სამზითვოს სახლს“ ეძახიან უბნელები და უკავშირდება იქვე ფურცელაძის ქუჩის N17–ში მცხოვრებ მეორე გილდიის ვაჭარს ბარხუდაროვს, რომელსაც ქალიშვილებისთვის შეუძენია გვერდით შენობა. – ეს და სხვა საინტერესო ამბები კი პირდაპირ კავშირშია გამოფენასთან, რომელიც  16 ოქტომბერს გაიხსნება ეროვნულ ბიბლიოთეკაში რეჟისორების, ამჯერად ფოტოხელოვანების ამპლუაში,  გიორგი ვარსიმაშვილისა და ვახტანგ კუნცევ გაბაშვილის ფოტო გამოფენით იწყება ეროვნული არქივისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი  კვირეული, რომელიც თბილისობა 2018–ს ეძღვნება.

ამ გამოფენისათვის მზადებამ ბევრი საინტერესო რამ მაპოვნინა. ნოდარ კობაიძე ხშირად იმეორებდა, – მე თბილისელი არ ვარო, თუმცა ფურცელ – ფურცელ ნაგროვები საინტერესო ისტორიები სიხარულით მომაწოდა (აუცილებლად გიამბობთ), მანვე გამაცნო ცნობილი მსახიობის ვასილ ბარხუდაროვის შვილიშვილი, ბატონი როსტომ ლომაძე და ბატონ ნოდართან საქმეზე მოსული ახალგაზრდა კაცი მერაბი. მერაბმა ყური მოჰკრა ჩვენს საუბარს და  უშუალოდ, თავზე მოუხვევლად ჩაგვერთო, საინტერესო ადამიანის კოორდინატები დამიტოვა – გამოგადგებათო და დაგვემშვიდობა. კიდევ იტყვით თბილისი იყო ურთიერთობაო? თბილისი არის ურთიერთობა!

ავტორი: ნინო გედენიძე

მსგავსი თემები