თბილისს 3D რუქა და ორთოფოტო გეგმა ექნება

დედაქალაქს უახლოეს მომავალში 3D რუქა ექნება. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულმა კომპანიამ მუშაობა პირველი მარტიდან დაიწყო.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „გუგლის“  რუქისგან განსხვავებით, 3D რუქა იძლევა შესაძლებლობას, სხვადასხვა პარამეტრები გაიზომოს. საბოლოო პროდუქტი მერიას დაახლოებით, ივლისში ჩაბარდება. აღნიშნულ მონაცემებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურები თავის საქმიანობაში გამოიყენებენ.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ არქიტექტურის, ურბანული განვითარების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურებს, მუნიციპალურ ინსპექციას, მიწის ლეგალიზების კომისიას და რაიონულ გამგეობებს ყოველდღიურ საქმიანობაში გამოადგებათ ეს პროდუქტი, ასევე, მისი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეებისთვის.

“გარდა ამისა, 516 კვადრატულ კილომეტრზე შემუშავდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი – თბილისის ორთოფოტო გეგმა. ჯამში, ორივე პროექტის ღირებულება დაახლოებით, მილიონი ლარი იქნება. გვგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განახლება-მოწესრიგება და განსაკუთრებით 3D ფორმატი, სადაც მომხმარებელს ყველაფრის ნახვა შეეძლება. პროექტის განხორციელებისთვის ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი და გამარჯვებული კომპანია მუშაობას პირველი მარტიდან შეუდგა “, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, 3D რუქის მონაცემები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე -maps.tbilisi.gov.ge.

მსგავსი თემები