თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 66 მილიონი ლარით გაიზარდა

დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი 927 მილიონ ლარია, რაც 2018 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 66 მილიონი ლარით მეტია.

თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე დაამტკიცა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუმარტეს, 927 მილიონი ლარიდან საშემოსავლო ნაწილი  900 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, საგადასახადო ნაწილი დაახლოებით, 658 მილიონი ლარია; გრანტების ნაწილი – 51 მილიონი, ხოლო სხვა შემოსავლები  190 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 20 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

მათივე ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში, ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ვინაიდან სპეციალური ტრანსფერის სახით დაემატება მინიმუმ 75 მილიონი ლარი, ასევე, გარდამავალი ნაშთი.

“ერთი წელი ცოტა დროა იმისთვის, რომ დედაქალაქში არსებული ყველა პრობლემა მოგვარდეს, თუმცა მომავალი წელს უფრო მეტი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით, რომელიც დღეს საკრებულომ დაამტკიცა”, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, საკრებულოში შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას.

​მან მადლობა გადაუხადა საკრებულოს, თანაგუნდელებს და ოპოზიციასაც, იმისთვის, რომ  კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა, თბილისის მოსახლეობისთვის ერთწლიანი მუშაობის შედეგი გამეცნო.

“ვისურვებდი, რომ 2019 წელი, კიდევ უფრო აქტიური წელი იყოს და მეტი პრობლემის მოგვარება და მეტი პროექტის განხორციელება შევძლოთ, ვიდრე დღეს წარდგენილი ბიუჯეტით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა და სურვილი გამოთქვა, რომ  მომავალ წელს, თბილისი უფრო კომფორტული, მოწესრიგებული და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი იყოს.

მისივე შეფასებით, 2019 წლის ბიუჯეტში გაწერილი გეგმები საკმაოდ ამბიციურია და ის ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტია, რომელიც ქალაქს უკანასკნელი წლების განმავლობაში ჰქონია.

“ყველას კარგად გვახსოვს, სად მიგვიყვანა ამ დაყოფამ. არასდროს საქართველოში არ დაბრუნდება ის წლები, როდესაც მოსახლეობა გარკვეულ ჯგუფებად და პოლიტიკური პარტიების მიმდევრებად იყოფოდა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საზოგადოება გავაერთიანოთ, რადგან სერიოზული გარე გამოწვევები გვაქვს და ამას ერთიანი ძალისხმევით უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი თემები