თბილისის ცენტრიდან რკინიგზის ამოჭრით ქალაქის ინტერესები დაზარალდება

ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე აცხადებს, რომ თბილისის ცენტრალურ ნაწილში რკინიგზის გვირაბში გატარება ისე, რომ მას არ ჰქონდეს სულ ცოტა სამი სადგური – დიდუბის, ცენტრალური და ნავთლუღის – ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი თბილისის ზღვის გადაღმა გადატანის იდენტურია.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ზურაბ ბაქრაძემ განუცხადა, ქალაქისთვის არსებითი და გადამწყვეტია რკინიგზის ზემოთ აღნიშნული სადგურებით მისი ცენტრის მომსახურება ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი კავშირები გარდაბანთან, რუსთავთან, მცხეთასთან, ქსანთან, კასპთან და გორთან. ეს აუცილებელია თბილისის სიცოცხლისუნარიანობისთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისთვის.

“თბილისის ტოპოგრაფიული თავისებურებები იძლევა შესაძლებლობას, რკინიგზის ხაზის სხვა და სხვა მხარეს არსებულ უბნებს დაუკავშირდეს, კერძოდ, ელიასა და ავლაბარს შორის არსებული ტრანშეის გადახურვით, ახვლედიანის ხევში და დიდ ხევში მიწაყრილების ხიდებით შეცვლით. ამიტომ უნდა დამთავრდეს საზოგადოების გაბრუება “თბილისის გამთლიანების” არგუმენტით. სავსებით ნათელია, რომ არსებობენ ცენტრში რკინიგზის ამოჭრით დაინტერესებული ჯგუფები, რასაც შესაძლებელია მთელი ქალაქის ინტერესები შეეწიროს”, – აცხადებს ქალაქმგეგმარებელი.

რკინიგზის გადატანას თბილისის მიწათსარგებლობის არსებული გეგმა ითვალისწინებს. განახლებული გენგეგმის ჯგუფის წევრები კი აცხადებენ, რომ სარკინიგზო დერეფნის სამგზავრო ნაწილი ქალაქის ცენტრში უცვლელად უნდა დარჩეს.

სატვირთო სარკინიგზო ხაზის განვითარებას რაც შეეხება, მასთან დაკავშირებული საფრთხეების, საშიშროებებისა და შესაძლო დისკომფორტის გათვალისწინებით, მაქსიმალურად უნდა აერიდოს ქალაქის მჭიდრო განაშენიანებულ ნაწილს და გარშემოსავლელი გზების მეშვეობით განხორციელდეს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გენგეგმის ჯგუფში განუცხადეს, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა სარკინიგზო ტრანსპორტს განიხილავს, როგორც სატრანსპორტო ქსელის საქალაქთაშორისო ქსელის ძირითად ელემენტს. ასევე, ითვალისწინებს მის მობილობით შესაძლებლობებს შიდასაქალაქო დონეზე. გამჭოლი სამგზავრო რკინიგზის პოტენციალის შეფასება საფუძვლად უნდა დაედოს ცენტრალური მულტიფუნქციური არეალის ფარგლებში სატრანსპორტო გადაწყვეტილების შემუშავებას. აღნიშნული უნდა ითვალისწინებდეს მისაღები ალტერნატიული განვითარებითი გადაწყვეტების შესაძლებლობასაც და ეყრდნობოდეს შემდეგ პრინციპებს: ა) მიმდინარე, მოკლევადიანი და გრძელვადიანი სატრანსპორტო საჭიროებებისა და აუცილებლობის გათვალისწინება; ბ) ქალაქის ოპტიმალური და ეფექტიანი წვდომა ქვეყნისა და აგლომერაციისთვის, მდგრადი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით; გ) სარკინიგზო ტრანსპორტის მაქსიმალური ინტეგრირებულობა ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემებში. 


მსგავსი თემები