თბილისის შარტავას ქუჩა პეკინის გამზირს ველობილიკით დაუკავშირდება

თბილისის საბურთალოს რაიონის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში კიდევ ერთი ველობილიკი, ამჯერად შარტავას ქუჩაზე მოეწყობა. ახალი ველობილიკი, ბულაჩაურის ქუჩით პეკინის გამზირზე არსებულ ველობილიკის დაუკავშირდება.

ქუჩის ორივე ​მხარეს მოეწყობა ავტობუსების სამოძრაო სპეციალური ზოლები, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო სწრაფი და უსაფრთხო გახდეს. ანალოგიური სარეაბილიტაციო სამუშაოები კოსტავას ქუჩაზეც მიმდინარეობს, სადაც შეიცვლება განათების სისტემა და სადენები მიწის ქვეშ განთავსდება. ამასთან, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება პეკინის გამზირთან დამაკავშირებელ ჭაბუკიანისა და ბულაჩაურის ქუჩებს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, შარტავას ქუჩაზე, 1 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია -რეკონსტრუქციის სამუშაოები განხორციელდება. გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, განახლდება სანიაღვრე სისტემა, მოწესრიგდება ტროტუარები, ახლით შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. ტროტუარზე შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები გაკეთდება, გარე განათების ბოძები შეიცვლება და ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის განათებები დამონტაჟდება.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 3.2 მლნ ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს. გარდა ამისა, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ ლოკაციაზე, 800 000 ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება წყლისა და წყალარინების ქსელი.

ჟიული შარტავას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე დღეს ადგილზე გაეცნო და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში შექმნილი გარკვეული შეზღუდვებისთვის მოქალაქეებს ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა.

კალაძის თქმით, შარტავას ქუჩის რეაბილიტაცია, სადაც ძალიან ბევრი ავტომობილი გადაადგილდება, ეს ერთ-ერთია იმ მასშტაბურ პროექტებს შორის, რის განხორციელება მთელი ქალაქის მასშტაბით იგეგმება. ქუჩაზე გზის საფარის განახლების სამუშაოები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა დასრულდეს, რათა გადაადგილება არ შეიზღუდოს.

„გადაადგილების მხრივ, გარკვეული შეზღუდვები არსებობს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა, მძღოლებს, მოქალაქეებს, რომლებიც ავტომობილებით გადაადგილდებიან, ბოდიში მოვუხადო. სექტემბრის შუა რიცხვებში ასფალტის საფარი სრულად მოწესრიგდება. შემდეგი ნაბიჯი კი, ტროტუარებისა და განათების ბოძების მოწყობა იქნება. გვინდა, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე, გზის საფარის განახლება მოვასწროთ, რათა გადაადგილება არ შეიზღუდოს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

შარტავას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი გაეცნენ.


მსგავსი თემები