თბილისის ქუჩებში 300 ელექტრომობილი გამოჩნდება, რომლითაც ყველა ისარგებლებს

„ქარშეარინგი“ ანუ ავტომობილის გაზიარების პრინციპი საქართველოშიც დაინერგება. პირველ ეტაპზე, საუბარია 300 ავტომანქანაზე, რომელიც დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში განთავსდება და რომლის გამოყენება ნებისმიერ მძღოლს შეეძლება.

ე.წ. ქარშეარინგის სერვისის დანერგვას ერთ-ერთი კომპანია გეგმავს, რომელსაც თბილისის მერია მხარდაჭერას უცხადებს. პირველ ეტაპზე, დედაქალაქში სამი მოდელის – Nissan, Renault, Smart -ის ავტომობილები შემოვა; შემოსული 300 ელექტრომობილი, სხვადასხვა ადგილას განთავსდება, დროთა განმავლობაში კი მათი რაოდენობა გაიზრდება. 

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუმარტეს, სერვისით სარგებლობა მომხმარებელს სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეეძლება, რომელსაც საკუთარ ტელეფონში ჩატვირთავს. აპლიკაციის საშუალებით, ასევე, შეეძლება სასურველი ავტომობილის დაჯავშნა, მისი გაღება და დაძვრა.

მათივე ინფორმაციით, ქალაქში დამონტაჟდება ელექტრომობილების დასამუხტი მოწყობილობები. სარგებლობის შემდეგ, ავტომობილის დატოვება თბილისის მასშტაბით ნებისმიერ პარკინგზე იქნება შესაძლებელი.

„ამ ელექტრომობილების ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. დაგპირდით, რომ 2019 წელი სიახლეებით სავსე იქნებოდა და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დავიწყეთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ევროპის განვითარებულ ქალაქებს შევუერთდეთ. ყველა ევროპულ ქალაქში არსებობს ე.წ. ქარშეარინგი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია,სასურველი დროით, გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში ისარგებლოს ავტომობილით, რომელიც ქალაქში სხვადასხვა ადგილასაა გაჩერებული. პროექტის განხორციელების მიზნით შევხვდით სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. ერთ-ერთი ბიზნესჯგუფი, რომელიც აღნიშნული პროექტით დაინტერესდა, უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებით დიდ პრეზენტაციას წარმოგვიდგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, აღნიშნული სერვისი დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

 

მსგავსი თემები