თბილისის ქუჩებში ნარჩენების სეპარირებისთვის სპეციალური ურნები განთავსდება

თბილისის ქუჩებში მალე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების განსაცალკევებელი, სპეციალური ურნები განთავსდება, რომელიც 5 განყოფილებისგან შედგება:  პლასტიკური ბოთლების, შერეული ნარჩენის, ქაღალდის, მინის სექციისგან და სიგარეტის ნარჩენის ჩასაგდებად. ახალ ურნებზე შესაბამისი სექცია გათვალისწინებულია  მწეველებისთვისაც.

საპილოტე პროექტი პირველ ეტაპზე, ტურისტულ ზონებში – რუსთაველის გამზირზე,  ორბელიანისა და გუდიაშვილის განახლებულ მოედნებზე, ასევე, აღმაშენებლის გამზირზე განხორციელდება.

ახალი ურნები თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით წარუდგინა.

მისი თქმით, დედაქალაქის მერიამ ქალაქში განსათავსებლად ნარჩენების სეპარაციის ისეთი ურნები შეისყიდა, რომელიც რამდენიმე განყოფილებისგან შედგება.

„საპილოტე პროექტი პირველ ეტაპზე, ახალ აღმაშენებელზე განხორციელდება, სადაც უკვე რეაბილიტაციაა ჩატარებული. ასევე, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე, თუმცა სამომავლოდ, რა თქმა უნდა, სეპარაციის ურნები მთელი ქალაქის მასშტაბით განთავსდება. საქართველოში ბევრი კომპანიაა, რომელიც ნარჩენებს მეორად პროდუქტად ამუშავებს. ამიტომ, ჩვენ მათ მივცემთ შესაძლებლობას, ნარჩენებისგან სხვადასხვა პროდუქტი შექმნან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც სიგარეტის ნამწვისგან ცეცხლი ჩნდება. ამიტომ, ქალაქში სეპარაციის ურნების განთავსება ძალიან მნიშვნელოვანია.

მსგავსი თემები