თბილისის მეტროს ახალი მოძრავი შემადგენლობები დაემატა და მოცდის დრო შემცირდება

თბილისის მეტროპოლიტენის კიდევ ორი ახალი, ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატა. ახალი შემადგენლობების დამატებით, მოცდის პერიოდი 2.5 წუთამდე შემცირდება.

როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეტროს მგზავრთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. თუ პიკის საათებში მოცდის დრო 4 წუთი იყო, დღეისთვის ის 3-წუთამდე შემცირდა. ამ მაჩვენებლის 2.5 წუთამდე დაყვანა იგეგმება.

“მეტროს ორი ახალი, ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატება, თუმცა, ასევე პირობა გვქონდა მოცემული, რომ 12 შემადგენლობა იქნებოდა რეაბილიტებული და განახლებული. ამაზე უახლოეს მომავალში ვიწყებთ მუშაობას და წლის ბოლოსთვის, კიდევ რამდენიმე ახალი შემადგენლობა დაემატება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, მოცდის დრო შევამციროთ, განსაკუთრებით, პიკის საათებში. ჩვენი მიზანია, ეს დრო 2.5 წუთამდე დავიყვანოთ. სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, მეტროს მგზავრთა რაოდენობა 25%-ითაა გაზრდილი. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში ყველაზე კომფორტული, სწრაფი და მოწესრიგებული იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2019 წელს, დამატებით, 27 ვაგონის განახლებას გეგმავს.

მსგავსი თემები