თბილისის მერიამ ძვლის ტვინის და ღვიძლის ტრანსპლანტაციის​ 7 ოპერაცია დააფინანსა

თბილისის მერ კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირებისამებრ, დედაქალაქის მერია ძვლის ტვინის ან ღვიძლის ტრანსპლანტაციის​ ოპერაციებს უკვე ერთი წელია აფინანსებს. ამ დროის განმავლობაში უკვე 7 ოპერაცია დაფინანსდა. ერთი პაციენტის დასაფინანსებლად მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 60 000 ლარს გამოყოფს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, მერიის პროგრამით შეუძლიათ ისარგებლონ ​მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებულმა, ძვლის ტვინის ან ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებმა, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად თბილისი უფიქსირდებათ.

იმისათვის, რომ მოსარგებლე პირი ჩაერთოს ქვეპროგრამაში, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსების მისაღებად მოსარგებლე პირმა ან მისმა წარმომადგენელმა მერიას უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, ასევე, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

არასრულწლოვანის შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი) ასლი, აგრეთვე არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი;
ფორმა №IV-100/ა (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ICD-10 კლასიფიკატორების შესაბამისად);
კონსილიუმის დასკვნა (რომელიც მოიცავს შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკების არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმის პაციენტისთვის ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედის) ტრანსპლანტაციის ჩატარების საჭიროების თაობაზე;
მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან კვლევების მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ბოლო 1 წლის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი).

რაც შეეხება ​მომსახურების ღირებულებას: მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიას თბილისის მერია 20 000 ლარით აფინანსებს;
ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა კვლევები – 10 000 ლარი;
აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია (მ.შ. პაციენტის კონდიცირება – ორგანიზმის მომზადება ტრანსპლანტაციისთვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა) – 95 000 ლარი;
ალოგენური ტრანსპლანტაცია (მ.შ. პაციენტის კონდიცირება – ორგანიზმის მომზადება ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა) 170 000 ლარი;
ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაცია (მ.შ. პაციენტის კონდიცირება – ორგანიზმის მომზადება ტრანსპლანტაციისთვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა) 205 000 ლარი, ხოლო ღვიძლის ტრანსპლანტაცია -120 000 ლარი.

მსგავსი თემები