თბილისის ზოოპარკს 13 ახალი ბინადარი ჰყავს

თბილისის ზოოპარკს 13 ცხოველი შეემატა. როგორც თბილისის ზოოპარკში აცხადებენ, 12 აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი ტალინის ზოოპარკიდან (ესტონეთი), ხოლო ერთი დომბა ნიკოლაევის (უკრაინა)ზოოპარკიდან ჩამოვიდა.

მათივე ინფორმაციით, ცხოველები ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე განთავსდებიან. მათი ვოლიერები უკვე აშენებულია. აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი კავკასიის ენდემია. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით საფრთხესთან ახლოს მყოფი, ხოლო საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით მოწყვლადი სახეობაა. საქართველოში მისი გავრცელების არეალის აღმოსავლეთ საზღვარი ლაგოდეხის ნაკრძალია, ხოლო დასავლეთით – მწვერვალი შხარა. 2014 წლის აღრიცხვების მიხედვით, საქართველოში 5000-მდე ინდივიდია დარჩენილი.

დომბა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით მოწყვლადი სახეობაა. ისტორიულად საქართველოშიც იყო გავრცელებული, თუმცა ამჟამად გადაშენებულია. ეს სახეობა XX საუკუნის დასაწყისში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შემორჩენილი ინდივიდების გამრავლების საშუალებით აღადგინეს.

„თბილისის ზოოპარკი ადგილობრივი სახეობების – დასავლეთ კავკასიური ჯიხვის, ნიამორისა და კეთილშობილი ირმის კონსერვაციის პროექტს ახორციელებს. ამ სიას კიდევ ერთი სახეობა შეემატა – დომბა, იგივე ევროპული ბიზონი. საქართველოში ეს დომბას რეინტროდუქციის პირველი მცდელობა იქნება. სხვათა შორის, დომბას რეინტროდუქციის პროგრამა უკვე დაწყებულია აზერბაიჯანში. ამჯერად 1 მამრი დომბა ჩამოვიდა. პარალელურად ველოდებით ინფორმაციას მდედრ ინდივიდებთან დაკავშირებით და შემდგომ მათ ტრანსპორტირებაზეც ვიზრუნებთ. სახეობის რეინტროდუქცია რთული, მრავალწლიანი პროცესია, თუმცა ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი“, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვები და დომბა ახალ ზოოპარკში, კავკასიის ექსპოზიციის ნაწილში დაიდებენ ბინას. ჯერჯერობით უცნობია ახალი ზოოპარკის გახსნის თარიღი. მშენებლობა და ცხოველების გადაყვანა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

საწყის ეტაპზე სწორედ კავკასიის ექსპოზიციის გახსნა იგეგმება, სადაც საქართველოში გავრცელებული სახეობები განთავსდებიან. ამჟამად ახალ ტერიტორიაზე უკვე გადაყვანილია დათვები, მგლები, ირმები, ნიამორები, ჯიხვები, ფოცხვერები და აფრიკული მოხატული ძაღლები, რომლებიც აფრიკის ექსპოზიციის პირველი ბინადრები არიან. უახლოეს მომავალში ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე მტაცებელი ფრინველების ავიარიუმის მშენებლობა დაიწყება.

მსგავსი თემები

3 Thoughts to “თბილისის ზოოპარკს 13 ახალი ბინადარი ჰყავს”

  1. Hello, in consequence of you in behalf of obedient pleased

  2. Hello, in consequence of you for obedient contentment

  3. Hello, acknowledge gratitude you quest of good blog! What concept in your blog?