თამარ მეფის მსგავსად, იმედია სალომე გამოკვეთილ ადგილს დაიკავებს საქართველოს ისტორიაში – სამუშია

“თამარ მეფეს, საქართველოს ისტორიაში თავისი ადგილი აქვს. ვიმედოვნებ სალომე ზურაბიშვილსაც თავისი, გამოკვეთილი ადგილი ექნება საქართველოს ისტორიაში”, – ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა, ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯაბა სამუშია, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის თელავში ჩატარების იდეას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ თელავი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის თამარ მეფესთან გაიგივება მხოლოდ და მხოლოდ სიტყვების თამაშია.

“თელავის მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოქცევით, საქართველოს რეგიონების პოპულარიზაციას შევუწყობთ ხელს, რაც ცუდი ნამდვილად არ არის. ყველაფრის დედაქალაქში კონცენტრირება შეცდომად მიმაჩნია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ეკონომიკა არ გვაძლევს საშუალებას, რომ რომელიმე სხვა რეგიონი ეკონომიკურად ისე განვითარდეს, მსოფლიოსათვის რაღაც ფორმით იყოს მიმზიდველი,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

​მისივე თქმით, თელაველები ამაყობენ იმ ფაქტით, რომ ინაუგურაცია მათ კუთხეში იმართება.

„ახლო კავშირი მაქვს თელავთან და მინდა გითხრათ, რომ თელაველები ძალიან ამაყობენ ამ ფაქტით და მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ ქალბატონი სალომეს მხარდამჭერები,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

მსგავსი თემები