თავდაცვის მინისტრმა კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით სპეციალური ბრძანება გამოსცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით სპეციალური ბრძანება გამოსცა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის უწყების ის თანამშრომელი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში, სამსახურში არ გამოცხადდებიან ორი კვირის განმავლობაში.

„ბრძანება გავრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც უახლესი ორი კვირის განმავლობაში აღნიშნულ ქვეყნებში ვიზიტს გეგმავენ. მინისტრის ბრძანებით, მათ შრომითი ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ. გადაიდო ან გაუქმდა ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში დაგეგმილი სამსახურეობრივი მივლინებებიც“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. საინჟინრო ბატალიონის სპეციალური ქვედანაყოფისა და სადეზინფექციო ჯგუფის მიერ სპეციალური ხსნარით საფუძვლიანად დამუშავდა ყაზარმები, სასადილოები, სამუშაო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, ლიფტები და კიბის უჯრედები. 

მსგავსი თემები