ზუგდიდში დევნილთა სათემო ორგანიზაციების 7 პროექტი დაფინანსდა

საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა – „აფხაზეთი“ სათემო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული 7 წინადადება დაამტკიცა. თითოეული პროექტის ღირებულება კი 3 000 – 10 000 ლარია.

აღნიშნული პროექტი შესაძლებლობას იძლევა, დევნილთა ჩასახლებებში, დევნილებმა, საჭიროებები და პრობლემები თავადვე მოაგვარონ და შემოსავალიც მიიღონ.

პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული დავით ქარჩავაა, რომელმაც „სასმელი ჭების დასუფთავების“ პროექტი წარადგინა.

„მძლავრი ელექტრო ტუმბო და კომპრესორი საშუალებას მომცემს 15-18 სიღრმის ჭაბურღილები ამოვასუფთავო და საჯარო დაწესებულებებს და კერძო ოჯახებს მოვემსახურო. აქამდეც ჭაბურღილების გაღრმავება-ამოსუფთავებით ვიყავი დაკავებული, მაგრამ სათანადო ხელსაწყოები არ მქონდა, ღრმა ჭაბურღილებს ვერ ვეხებოდი და შეკვეთებიც ნაკლები იყო. ახლა კი სკოლებიდან, საბავშვო ბაღებიდან და კერძო პირებისაგან ველოდები შემოთავაზებებს“, – აღნიშნა „სასმელი ჭების დასუფთავების“ ავტორმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მიღებული დახმარებების ფარგლებში დავით ქარჩავა თავის სამკაციან გუნდთან ერთად დევნილთა ჩასახლებებს უსასყიდლოდ გაუწევს მომსახურებას. პროექტის კიდევ ერთი გამარჯვებული ზუგდიდში მცხოვრები მზეონა გამისონიაა. როგორც ის აცხადებს, თებერვლიდან ბავშვებს სატამაშო ატრაქციონები ექნებათ: „ჩვენს დასახლებას პატარა ეზო აქვს, აქ სათამაშო მოედნის მოწყობა დიდი ხანია გვინდა. ადრეც დავწერეთ პროექტი, მაგრამ დაფინანსება ვერ მივიღეთ. ახლა ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. თებერვალში ჩვენს პატარებს სათამაშო ატრაქციონი ექნებათ, თავისი სასრიალო ნაწილით და საქანელებით“, – გვითხრა სათემო პროექტის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა გამისონიამ.

ხუბულავას ქუჩაზე დევნილთა ე.წ. კოლექტიურ ცენტრში 20-ზე მეტი დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ბავშვების რაოდენობა კი 30-მდეა. პროექტი „ზუგდიდში მცხოვრები დევნილი თემის გაძლიერება“, რომლის ფარგლებშიც მოხდა სათემო პროექტების დაფინანსება, ხორციელდება „ინტი რიმიას ფონდის“ (Inti Raymi Fund) მხარდაჭერით. ფონდის წარმომადგენლები 2018 წლის ივნისში ჩამოვიდნენ საქართველოში. მათ მოინახულეს დევნილთა ჩასახლებები და დევნილი თემის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრები. ზუგდიდში მცხოვრები დევნილი თემის მხარდაჭერა სწორედ ფონდის პრეზიდენტის იციციატივით მოხდა.

როგორც ცენტრ „აფხაზეთში“„მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, დევნილთა სათემო ორგანიზაციები პროექტების (საბავშვო მოედანი, სახელოსნო, დღის ცენტრი, ეზოს გამწვანება, სოციალური საწარმოს მხარდაჭერა, ჯანდაცვის ხელშეწყობა) განხორციელებას თებერვალში დაიწყებენ და მაისში დაასრულებენ. დაფინანსებული სათემო პროექტების მიზანივ კი დევნილი თემის გაძლიერება და საცხოვრებლი პირობების გაუმჯობესებაა.

მსგავსი თემები