ზუგდიდის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადადგომას არ აპირებს და ამბობს, რომ დანაშაული უნდა დაუმტკიცონ

„არ დამირღვევია კანონი, ამას ვაცხადებ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად“ – ამბობს ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი და თანამდებობის დატოვებას გამორიცხავს.

მისივე განცხადებით, სამაგიდო სიები კომისიაში იმ მიზნით დაბრუნდა, რომ კითხვის ნიშნები არ ყოფილიყო: „სამაგიდო სიები, რაზეც დაისვა კითხვის ნიშნები, დაბრუნდა სანდოობის გაზრდისთვის და გამჭვირვალობისთვის. მაშინვე გადაითვალეს სიები და აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა დარღვევა. თემად ააგორეს და მორჩა. რაც შეეხება ბეჭდებს, ისინი იყო დალუქულ მდგომარეობაში და ბრუნდება დალუქულ მდგომარეობაში. ახლაც შეგიძლიათ ნახოთ, რომ არ არის არავითარი დარღვევა. თუ დაადასტურებენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე, გამოძიება დაინტერესდება.“

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება კი საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის სამაგიდო სიებისა და ბეჭდების 5 დღით ადრე გაცემამ გამოიწვია. ოპოზიციის წარმომადგენლები საოლქო კომისიაში სწორედ მაშინ მივიდნენ, როცა სპეციალური ტომრებით საარჩევნო ატრიბუტიკა გაჰქონდათ. ისინი გამოძიებას და კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.

მსგავსი თემები