“ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 30%-ით მეტი შემოსავალი და დასაქმებული იქნება“-გიორგი შენგელია

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას განცხადებით, შეხვედრები წინასაარჩევნო პერიოდში არ დაუწყია  და მოსახლეობასთან  აქტიური კომუნიკაცია 6 თვის წინ, მერის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ დაიწყო.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა 3 ძირითადი პრიორიტეტი გამოყო, რასაც მისი მერობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.  ეს არის თხილის სექტორში არსებული პრობლემა, დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის საკითხი და  ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. როგორც გიორგი შენგელიამ განაცხადა, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემოსავალი 30%-ით მეტი იქნება.

„50 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება ფაროსანას საწინააღმდეგოდ შესაწამლი ღონისძიებების გატარებაში, რაც დამატებით კომპონენტს შეიცავს და წელს გაცილებით ეფექტური იქნება. თუ შარშან ამ წამლობით ჩვენ გადავარჩინეთ ციტრუსის და სიმინდის მოსავალი, წელს ეს პროცესები გაცილებით დადებით ფაქტორებს იქონიებს თხილის მოსავალზეც. ასევე, თხილის  მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ვაწარმოებთ პლანტაციების შეწამვლას, რაც 30%-ით უფრო მეტ მოსავალს მოიყვანს ჩვენს მუნიციპალიტეტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში 30%-ით მეტი შემოსავალი და მეტი დასაქმებული ადამიანი იქნება“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

შენგელიამ ხაზი გაუსვა, რომ  მოსახლეობას ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად ჰქონდა.

მსგავსი თემები