ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანზეც ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დღეიდან ორბელიანის მოედანზეც ამოქმედდება. სისტემა 200-ზე მეტ საპარკინგე ადგილს შეეხება.

„დღის განმავლობაში ყველა სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია ოთხჯერ, 15 წუთის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე ისარგებლოს უფასო პარკინგით, შემდეგ კი დგომა ფასიანია. იმ ზონებში, სადაც ეს სისტემა უკვე ამოქმედდა, პარკირების საფასური საათში ერთი ლარია. გადახდა შესაძლებელია სწრაფი აპარატების, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ტარიფები, რომელიც საკრებულომ დაადგინა, დიფერენცირებულია: ერთი, ორი და სამი ლარი. იმის მიხედვით, თუ საათობრივი პარკირების რა ზონა იქნება გადახდის დროს მითითებული, კონკრეტული ტარიფი მიენიჭება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ

უფასო პარკირებით სარგებლობა შშმ პირებს, ელექტრომობილების მფლობელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლიათ. ამისათვის კი მათ, რეგისტრაცია ვებგვერდზე ან ორბელიანის მოედანზე განთავსებულ სპეციალურ ჯიხურში უნდა გაიარონ.

„ელექტრომანქანებისთვის ამ მიწისქვეშა სადგომზე პარკირების სპეციალური ადგილებია, სადაც სხვებს დგომის უფლება არ აქვთ. დაყენებულია ელექტროდამტენებიც. პირველ რიგში ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას მოვემსახურებით, რათა ინფორმაცია მივაწოდოთ, მათი სატრანსპორტო საშუალებები დავარეგისტრიროთ და უფასოდ პარკირების სისტემაში დავამატოთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მსგავსი თემები