ზომაზე მეტი ანგარიში გავუწიეთ მოსამართლეებს, რამაც აქამდე მიგვიყვანა – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის – თამარ ჩუგოშვილის აზრით, სასამართლო რეფორმის დაგვიანებისა და მოსამართლეებისთვის ზედმეტი ანგარიშის გაწევის შედეგია ის, რაც დღეს საკანონდებლო ორგანოში ხდება.

მისივე თქმით, მართლმსაჯულების სწორად წარმართვის გზა პარლამენტზე გადის და პარლამენტმა უნდა აიღოს ამ პროცესზე პასუხისმგებლობა. საკანონდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა სწორად და კეთილსინდისიერად უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა.

“პროცესები დაგვიანდა ერთი კონკრეტული მიზეზის გამო. ჩვენ ზომაზე მეტი ანგარიში გავუწიეთ მოსამართლე წევრებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეებს, რომლებისთვისაც ამხელა ანგარიშის გაწევა არ იყო საჭირო, რადგან მოსამართლეები არ არიან კანონმდებლები. კანონებს წერენ პარლამენტის წევრები და ისევე, როგორც პარლამენტის წევრები, ისინი არ ახორციელებენ მართლმსაჯულებას და არ იღებენ გადაწყვეტილებებს კონკრეტულ საქმეებზე. ფაქტია, რომ დაგვიანდა იმ კანონების მიღება, რომლებსაც უნდა განესაზღვრა როგორ უნდა დაინიშნოს სამართლიანად მოსამართლე, როგორ უნდა დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა, როგორ უნდა მიიღოს საბჭომ გადაწყვეტილებები. ამ დაგვიანებამ და გაჭიანურებამ მოგვიყვანა აქამდე“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა პლენარულ სხდომაზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, ორგანული კანონის პროექტის განხილვისას.

მსგავსი თემები