ზვიად გამსახურდიას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება

31 მარტი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილება სპეციალურად შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.

დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, ფოტოები და წიგნები.

ამავე დღეს, 18:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

ასევე, განათლების სამინისტრო შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად,  ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას დააწესებს, რომელიც გაიცემა ყოველწლიურად, 31 მარტს. 

ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართება ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიება. მთავრობის გადაწყვეტილებით კი, საქართველოს ფოსტამ, ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით, საფოსტო მარკა გამოუშვა.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში კი, სახლს, სადაც პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოეწყობა მუზეუმი.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები