ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის ხანდაზმულობის ვადა შესაძლოა გაგრძელდეს  

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მხარს უჭერს, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებას.

ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დანაცხადა, რომ შესაძლებელია პარლამენტმა ეს საკითხი განიხილოს.

“ვიზიარებ ამ განწყობას და ვფიქრობ მოვნახოთ სამართლებრივი გზა რათა გაგრძელდეს ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიება. გუშინ, ვესაუბრე ცოტნეს. მას აქვს მოსაზრება და მეც მიმაჩნია, რომ საჭიროა გადავხედოთ ხანდაზმულობის ვადას. შესაძლებელია ამ საკანონმდებლო საკითხზე მუშაობა”, – წერს ეკა ბესელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.​​

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციის ფარგლებში იზრუნებდა, გამსახურდიას მკვლელობის საქმე სათანადოდ იყოს გამოძიებული.

როგორც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ის იზიარებს ზვიად გამსახურდიას ოჯახის წუხილს და მოთხოვნას. მაგრამ განმარტავს, რომ ამისთვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების გატარება, ეს კი პრეზიდენტის კომპეტენციას სცდება.

​სალომე ზურაბიშვილი გეგმავს საკანონმდებლო ორგანოს მიმართოს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მისი და ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა, შესაძლებლობის ფარგლებში იყოს გათვალისწინებული.

 

მსგავსი თემები